საპარლამენტო დელეგაციამ ნიუ-იორკში, საერთაშორისო ფონდებში, შეხვედრები გამართა

გაეროში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა ბლუმბერგის, როკფელერის და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებს პარლამენტის წევრები მარიამ ჯაში, დავით სონღულაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და გაეროში საქართველოს მისიის მრჩეველი თამარ ჭელიძე ესწრებოდნენ.

როკფელერის ფონდის მმართველმა დირექტორმა მაიკლ მეიერსმა და ასოცირებულმა დირექტორმა მაიკ მალდუნმა პარლამენტის წევრებს გააცნო როკფელერის ფონდის საქმიანობა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, დასაქმებისა და ინოვაციური დაფინანსების მიმართულებებით. მარიამ ჯაშმა როკფელერის ფონდს წარუდგინა საქართველოში გამართული საერთაშორისო ფორუმის (TISIFF) რეკომენდაციები, რომელიც პარიზის ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტად იქცა. საქართველომ როკფელერის ფონდი თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2018 წელს არის დაგეგმილო. როკფელერის ფონდმა ინოვაციური დაფინანსების მიმართულებით მომავალი თანამშრომლობისათვის მნიშვნელოვანი ინტერესი გამოთქვა.

გაეროს ბავშვთა ფონდში შეხვედრა გაიმართა საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან კარლა ჰადად მარდინთან და პროგრამების მენეჯერ ნუნე მანგასარიანთან. პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს საქართველოში იუნისეფთან მიმდინარე წარმატებული პროექტები და დაადასტურეს მზაობა ბავშვთა უფლებების დაცვის შემდგომი განმტკიცებისა და მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე მარიამ ჯაშმა გაეროს ბავშვთა ფონდს წარუდგინა ინოვაციური დაფინანსების TISIFF რეკომენდაციები და კინოინდუსტრიაში ახალი გლობალური ინიციატივის კონცეფცია. UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოს მიერ წარდგენილი წინადადების მიმართ დიდი ინტერესი გამოთქვა და მსჯელობის შემდგომ ეტაპზე გადასაყვანად დაიგეგმა დამატებითი კონსულტაციები გაეროს ბავშვთა ფონდის ახლადარჩეულ აღმასრულებელ დირექტორთან ჰენრიეტა ფორისთან.

საპარლამენტო დელეგაციის მესამე მნიშვნელოვანი შეხვედრა ბლუმბერგის ფონდთან გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ბლუმბერგის ფონდის პრიორიტეტები და ინიციატივები, რომელსაც საქართველო შეიძლება შეუერთდეს, მათ შორის ჯანსაღი ქალაქების ქსელის ფარგლებში.

პარლამენტის წევრები საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაეროში საქართველოს მისიასთან კოორდინაციით ორგანიზებას გაუწევენ ბლუმბერგის და როკფელერის ფონდების წარმომადგენლობით ვიზიტებს თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების რიგით მეორე ფორუმის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები