NDI: მოსახლეობის 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს

„გამოკითხული მოსახლეობის 44% ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს“, – ამის შესახებ ნათქვამია NDI –ს კვლევის დოკუმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს, ხოლო გამოკითხულთა 27% აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხი არ იცის.
რაც შეეხება მოსაზრებას – “ჩემს ადგილობრივ ხელისუფლებაში (საკრებულოში, მერიაში, გამგეობაში) კორუფციის პრობლემა არსებობს – NDI-ის მიერ გამოკითხულთა 35% აღნიშნულს ეთანხმება, 40% არ ეთანხმება, ხოლო 24% აცხადებს, რომ აღნიშნული არ იცის.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჯარო ინსტიტუტებში კორუფციის პრობლემა არსებობს, 51% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 19% აცხადებს, რომ არ იცის.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები