ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი, 7%-მდე გაგვეზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების წილი ჯამურ შემოსავლებში და მომავალ წელს ეს მიზანი შესრულდება
მუდმივად უნდა განახლდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და უნდა ვიფიქროთ კიდევ უფრო მეტი კომპეტენციის გადაცემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის მიმართულებით არსებობს სტრატეგია, რომელიც მუდმივ გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
„ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი, 7%-მდე გაგვეზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების წილი ჯამურ შემოსავლებში, ანუ საუბარია ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე და მომავალ წელს ეს მიზანი შესრულდება. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი. მუდმივად უნდა განახლდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და უნდა ვიფიქროთ კიდევ უფრო მეტი კომპეტენციის გადაცემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყველა კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ნდობით მოსარგებლე საჯარო ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამითაც უნდა ვიამაყოთ და მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ ამ ყველაფრისგან. რაც მეტი შესაბამისი კომპეტენცია გადავა ადგილობრივ დონეზე, ბუნებრივია, მით უკეთესი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.