ირაკლი კობახიძე – ჩვენ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება, 2-3 წელიწადში უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება – როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში

ჩვენ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება, შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საუნივერსიტეტო რეფორმისთვის, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება ზოგადი განათლების სფეროში. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2-3 წელიწადში ქვეყანაში უნდა იყოს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში.

„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ, თუნდაც, სისტემის გადაწყობის საფუძველზე, მნიშვნელოვნად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში წარმოგიდგენთ დეტალურ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას – დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახედვით, უკეთესი პირობების შექმნით პროფესორ-მასწავლებლებისთვის. იქნება, მართლაც, ამბიციური რეფორმა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. მათ შორის, ვფიქრობთ ახალი კამპუსების მშენებლობას ქუთაისსა და თბილისში. თბილისში რუსთავის მიმდებარედ. დეტალურ კონცეფციას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით, არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა წინა ხელისუფლების პირობებში, რასაც ჰქონდა მკაცრად იდეოლოგიური, ძალიან მანკიერი იდეოლოგიური მიზნები. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რადიკალური ცვლილებები შევიტანოთ ამ სფეროში, მათ შორის, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს, ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება შემდეგი წლების განმავლობაში. ჩვენ, 2-3 წელიწადში, უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში და ამას უზრუნველყოფს ის გეგმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული ამ მიმართულებით,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები