საია: არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ძალადობის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვანსა და ხონში გამართულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ადგილი არ ჰქონია ძალადობის შემთხვევებს.

„კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ადგილი არ ჰქონია ძალადობის შემთხვევებს. ინციდენტს ჰქონდა ადგილი ხონის N5 საარჩევნო უბანთან, როდესაც ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანის პროცესი. ვანის N53 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 26 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, ვანის N53 საარჩევნო ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც საარჩევნო კანონმდებლობით, 3%-იანი ზღვრის გადამეტება განაპირობა. 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩევლების დამატებით შეყვანა გამონაკლისს აღარ წარმოადგენდა, რაც ბადებს ეჭვს, გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ.

აღნიშნულმა შემთხვევებმა დღის წესრიგში დააყენა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან გასაუბრების შედეგად, გამოვლინდა, რომ სავარაუდოდ, დაირღვა ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესი. ამასთან, შესაძლოა, ჩვენ მიერ გადამოწმებული ვანის N21 და N23 საარჩევნო უბნების შემთხვევები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აგრეთვე, არ არის გამორიცხული, რომ მსგავს ფაქტებს შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა სხვა საარჩევნო უბნებზე. ცალკეულ შემთხვევებში, საიას დამკვირვებლები სავარაუდო დარღვევებს აფიქსირებდნენ, რაც ზეპირი შენიშვნების დაფიქსირების შემდეგ აღმოიფხვრა. ასეთ შემთხვევებში, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ.

კვლავ დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებდნენ უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა.

აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რიგი პროცედურული დარღვევები: არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე – 4 შემთხვევა (ვანის N6, N9, ხონის N26 საარჩევნო უბნები). კომისიის წევრთა მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტები: კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრები. ვანის N53 საოლქო საარჩევნო კომისიაში არ გამოცხადებულა „ევროპული საქართველოს“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები