გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

0

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას გ.ლ.-მ უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის ს.ტ.-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

გ.ლ.-ს 2016 წლის 31 მაისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ.ლ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2018 წლის იანვარში გ.ლ.-მ საქართველო  დატოვა  და  საზღვარგარეთ იმყოფება. სააპელაციო სასამართლოში პროცესები  მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ  გ.ლ.  დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

გ.ლ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მისივე განცხადების საფუძველზე სასამართლო სხდომები იმართებოდა მის დაუსწრებლად.

სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების მიზნით გატარებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მოხდეს მსჯავრდებულ გ.ლ.-ს ადგილსამყოფელის დადგენა და მისი დაკავება.

კომენტარები

კომენტარი