სამართალდამცველებმა, ბოლო 4 თვეში, საქართველოს მასშტაბით, 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს

0

სამართალდამცველებმა ბოლო 4 თვეში, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 24 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს 18 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები, სხვადასხვა სახის ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ასევე რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
იმერეთში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირია დაკავებული. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 780 აბი, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“, 51 საბრძოლო ვაზნა და 15 ათასი ლარი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად არის მიღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 24 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამოიღო:
2 კილო და 600 გრამი ჰეროინი, 723 გრამი კოკაინი, ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი, 1 კილო და 355 გრამი „მდმეი“, 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 130 გრამი მორფინი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.
მამუკა ჭელიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნარკოდანაშაულის პრევენციის, მისი დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი არის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გავრცელების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა და ნარკოტიკული საშუალებებისგან გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად შემცირება“,- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი