თბილისის საკრებულოს წევრები გარემოსდაცვით კამპანიას – „გარემოს გულისთვის“ შეუერთდნენ

დედამიწის დღის აღსანიშნავად, თბილისის საკრებულოს წევრებმა ვერის პარკი დაასუფთავეს და შემდგომში მის მოვლაზე პასუხისმგებლობა აიღეს. ღონისძიება, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიის – „გარემოს გულისთვის“ ფარგლებში, თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ აღნიშნა, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და თბილისის საკრებულოს წევრები გარემოზე მუდმივად იზრუნებენ.
„უკვე ბევრი ათწლეულია, 22 აპრილს მთელი მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. საქართველოში ეს დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მაშინ ეს ჩემი ინიციატივა იყო. ამჯერად, საერთაშორისო გარემოსადაცვითმა ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, რომ ამ დღეს პლასტიკისგან თავისუფალი პერიოდი უნდა დავიწყოთ და მთელი საქართველოს მასშტაბით შვილობილი ადგილები უნდა გვქონდეს. თბილისის საკრებულოს შვილობილი აღმოჩნდა ვერის ბაღი, რომელიც უნდა ვიშვილოთ და არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც მოვუაროთ“, – განაცხადა მარიკა დარჩიამ.
გარემოსდაცვითი კამპანია – „გარემოს გულისთვის“ საქართველოს მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების შემცირებას და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კამპანიის ფარგლებში, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია, გახდეს გარემოს გულითადი ელჩი. მათ შეუძლიათ, აირჩიონ კონკრეტული ტერიტორია, რომლის სისუფთავესა და შემდგომ მოვლაზე აიღებენ პასუხისმგებლობას.
გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, აქციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები – USAID-ი და CENN-ი. დედამიწის საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია მსოფლიოს მობილიზება პლასტიკის ნარჩენების შესამცირებლად. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები