„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა რიგით მე-4 შეხვედრა გამართა. იუსტიციის სამინისტრომ წინა სამუშაო შეხვედრის დროს გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადებული კანონპროექტი წარმოადგინა. შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს. გამოითქვა მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტის კორექტირებული ვერსია მომზადდება, რომლის განხილვაც სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელ შეხვედრაზე გაიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კანონპროექტის შეჯერებული რედაქციის ინიცირება.