“2 წლის წინ, პარტიის განვითარებისა და გაძლიერების შესახებ გაცემული დაპირებები პირნათლადაა შესრულებული”

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი პირობა გახდა პარტიის გუნდის გაძლიერება და განახლება.

„ მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება და ეს მიზანი სათანადოდ იქნა განხორციელებული. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონული სამსახურის გაძლიერებას, რამაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენს საარჩევნო წარმატებაში. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ წარმატებით ჩაგვეტარებინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პარტიის გუნდის, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის გაძლიერება და განახლება 2016 წელს ყრილობის საფუძველზე, რაც იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია წარმატებისთვის საპარლამენტო არჩევნებში. ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ დამაჯერებელ გამარჯვებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ განახლებული ენერგიით გაგვეგრძელებინა ზრუნვა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ასევე, 2017 წელს ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ადგილობრივ არჩევნებში, რაც არის ასევე, ჩვენი კარგად გააზრებული პოლიტიკის და რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა გაცემული კონკრეტული დაპირებები პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით და 2 წლის თავზე, კიდევ ერთხელ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული ეს დაპირება სათანადოდ იქნა შესრულებული და ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ წინ გველის ახლა საპრეზიდენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებშიც, თქვენთან ერთად, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტია შემდგომ გაძლიერებს საჭიროებს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, 2-წლიან პერიოდს პარტია კიდევ უფრო განვითარებისთვის გამოიყენებს.

„ჩვენ გვექნება დაახლოებით ორწლიანი პერიოდი მომდევნო არჩევნებამდე იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი პარტია, მისი სტრუქტურები და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც აქტიურობს არა მარტო საარჩევნო პერიოდში, არამედ, რომელიც აქტიურია მუდმივად, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დამსწრეებს თანადგომის, ქვეყნისა და პარტიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას. მთავარ გამოწვევად პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა დაასახელა. ირაკლი კობახიძის თქმით, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისაღწევია საგარეო პოლიტიკური მიზნები.

„ ქვეყანაში არის ბევრი გამოწვევა, ჩვენი ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას. ჯერ კიდევ უამრავი ოჯახი ცხოვრობს, სამწუხაროდ, სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, მუდმივად უმჯობესდება მდგომარეობა, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, სიღარიბის სრულად აღმოფხვრა საქართველოში და ამას ესაჭიროება, ბუნებრივია, ეკონომიკის შემდგომი გაძლიერება და შემდგომი განვითარება. საბოლოო ჯამში, ეკონომიკური განვითარების შედეგად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ის, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები საქართველოში და თითოეულ რეგიონში. ასევე, გვაქვს, ბუნებრივია, გამოწვევები იგივე საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის კვლავაც დარღვეული და ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები არის კვლავაც მისაღწევი. ეს არის ის გამოწვევები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა. ეს ყველაფერი საჭიროებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მუხლჩაუხრელად შრომას და ჩვენს ერთად დგომას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ერთად დავდგებით, თითოეულ ამ მიზანს აუცილებლად წარმატებით მივაღწევთ“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები