“ვაგრძელებთ წინსვლას დემოკრატიის თვალსაზრისით, რაც ჩვენი უმთავრესი მიღწევაა 2012 წლის შემდეგ”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანა წინსვლას აგრძელებს, მათ შორის, თავისუფლების თვალსაზრისითაც, რაც პარტიის აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა 2012 წლის შემდეგ.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიზანი არა მხოლოდ მიღწეული წარმატების შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაა.
„ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას დემოკრატიის თვალსაზრისით, თავისუფლების თვალსაზრისით, რაც არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და ჩვენი ამოცანაა, ეს მიღწეული არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ. ამას ემსახურებოდა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც შეუქცევადი გახადა უკვე საქართველოში დემოკრატიული განვითარება და ასევე, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. ასევე, ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ესეც არის, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურება. ჩვენ გვქონდა გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც არის ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურობის მაღალ ხარისხს. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით, სტაბილურობის თვალსაზრისით, საგარეო პოლიტიკური კუთხით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გავზარდეთ სტაბილურობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რითაც თითოეულმა ჩვენგანმა შეგვიძლია ვიამაყოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.