ირაკლი კობახიძე: მიხარია, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი პარტიის იუბილეს აღვნიშნავთ ამბროლაურში – ჩემს მშობლიურ კუთხეში
„ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით – სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარტიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი წევრებს, აქტივისტებს შეაქვთ, რომლებიც, მისი თქმით, ემსახურებოდნენ პარტიას იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გარდატეხა შეეტანათ ქვეყნის განვითარებაში.
„მიხარია, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი პარტიის იუბილეს აღვნიშნავთ აბროლაურში, ჩემს მშობლიურ კუთხეში. მე მინდა, განსაკუთრებულად მოგესალმოთ თქვენ, პარტიის წევრებს, პარტიის აქტივისტებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიური თქვენი საქმიანობით, განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენს განვითარებაში, ჩვენი პარტიის განვითარებაში. აქ ვხედავ მე ადამიანებს, რომლებიც არიან პარტიის დამფუძნებლები და რომლებიც 2011 წლიდან დადიოდნენ სოფელ-სოფელ, აწარმოებდნენ აგიტაციას, ემსახურებოდნენ პარტიას, იმისთვის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გარდატეხა შეეტანათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ ამ წარმატებას მივაღწიეთ და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით – სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს არის, რა თქმა უნდა, თითოეული თქვენგანის დამსახურება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.