Cambium Networks-ის მხარდაჭერით, თბილისში საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის კონფერენცია ჩატარდა (ფოტო,ვიდეო)

Cambium Networks-ის მხარდაჭერით, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის კონფერენცია ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ზომის, რეგიონალური ინტერნეტსერვისების მიმწოდებლების ინფორმირებას ქართულ ბაზარზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს აპარატურის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, რომლებიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ზომის რეგიონალური ინტერნეტპროვაიდერების ტექნიკური პრობლემების მოგვარებას და ამ გზით რეგიონებში ინტერნეტის მიწოდების დეფიციტის აღმოფხვრას.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური; საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტიდან ზურაბ გუძუაძე; Cambium Networks-ის რეგიონალური ტექნიკური მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სებასტიან ოპიელა; შპს “ციფრული ტექნოლოგიების” მმართველი დირექტორი თეიმურაზ დოლიძე და შპს “ციფრული ტექნოლოგიების” ტექნიკური მენეჯერი – ზვიად ლანჩავა.
შეხვედრას ზვიად ლანჩავა და სებასტიან ოპიელა უძღვებოდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ზურაბ გუძუაძე, რომელმაც ისაუბრა ქვეყანაში თავისუფალ წვდომაში არსებული სიხშირული რესურსების „დაუდევარი“ გამოყენებით გამოწვეულ პრობლემებზე, არსებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებზე. მისი განმარტებით, სიხშირული რესურსების „დაუდევარი“ გამოყენება იწვევს ბაზარზე დაბალი ხარისხის სერვისების მიწოდებას და აფერხებს როგორც სერვისების მიმწოდებელი კომპანიების განვითარების პერსპექტივას, ასევე, ხელს უშლის სახელმწიფო უწყებების, ტელევიზიების და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კავშირგაბმულობის სხვა სისტემების გამართულ მუშაობას.
დამსწრე აუდიტორიას საკუთარი მოხსენებით მიმართა უჩა სეთურმაც. მან ყურადღება გაამახვილა ბაზარზე არსებულ კონკურენციის მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, რომელთაც მცირე და საშუალო ინტერნეტკომპანიები აწყდებიან.
“ღონისძიების მონაწილეები და მოწვეული სტუმრები ვცდილობთ, აქტიური როლი შევასრულოთ ამ სფეროში მომუშავე სუბიექტების ინფორმირებაში, რა ხერხებით, მოწყობილობებით და საშუალებებით არის შესაძლებელი საერთო რესურსის ოპტიმალური გამოყენება და ამ მექანიზმებით ჩვენი თანამემამულეებისთვის სრულყოფილი, ხარისხიანი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება როგორც რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში.”- აღნიშნა სეთურმა.
კონფერენციას დაესწრნენ ქვეყანაში მოქმედი როგორც ინტერნეტ-სერვისების მიმწოდებელი, ასევე, ინტეგრატორი კომპანიები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომელთაც აქტიური შეხება აქვთ კავშირგაბმულობის სფეროსთან და უშუალოდ იყენებენ სხვადასხვა მწარმოებლის რადიო-სარელეო და საბაზო ინფრასტრუქტურას.
კონფერენცია 17 აპრილს ჩატარდა და მისი ორგანიზატორები უსადენო კავშირგაბმულობის სისტემების მწარმოებელი კომპანია Cambium Networks-ი და დისტრიბუტორი საქართველოში – “ციფრული ტექნოლოგიები” იყვნენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები