BGEO -მ აზოტი მიიტაცა, ევროპის ბანკს (EBRD) და მთავრობას კი პროექტი ჩაუგდო

რატომ ან როგორ ამუხრუჭებენ ბანკები ეკონომიკას, ამაზე დებატები მესამე დღეა გრძელდება. მასში პარლამენტიც გეგმავს ჩაერთოს და, ამ მიზნით, იქ ფინანსთა მინისტრსაც ეძახიან.
მინისტრის პოზიციას ლონდონში ჩანიშნული სასამართლო დავაც ეხმიანება, რუსთავის აზოტის ყოფილი მფლობელი, რომან ფიფია საქართველოს ბანკს ქარხნის თაღლითურად მიტაცებას ედავება და ლონდონში ჩივის.
თაღლითურ სქემაში BGEO და მასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ.
დეტალები სასარჩელო განცხადებაშია, რომელზეც ფიფიას წარმომადგენელი თეა ხამხაძე საუბრობს:
„საქართველოს ბანკის მოთხოვნით, აზოტი აუქციონზე 2016 წლის სექტემბერში გაიყიდა – დაახლოებით 100 მლნ. დოლარის სანაცვლოდ, რომელსაც საქართველოს ბანკს 2011-ში ესესხა. ვალის დაბრუნების პრობლემა აზოტს არ ჰქონდა, უფრო მეტიც, 2016 წლის 30 ივნისს, ევროპის ბანკმა (EBRD) ის საინვესტიციოდ საკმარისად სანდოდ მიიჩნია, მას სხვა ბანკებიც და მთავრობის საინვესტიციო ფონდიც შეუერთდა.
საინვესტიციო სქემა ასეთი იყო:
50-50 მლნ დოლარით მონაწილეობდნენ ევროპისა და ლუქსემბურგის ბანკები და საპარტნიორო ფონდი. 30 მილიონით საქართველოს ბანკი, 25 მილიონით ჰოლანდიის ბანკი და 20 მილიონს კი რომან ფიფია გაიღებდა;
ჯამში 225 მილიონი დოლარი გამოდიოდა, თავად საწარმო კი აუდიტმა მაშინ 388 მლნ დოლარად შეაფასა.
2016 წლის 4 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსცა დადგენილება, რითაც პროექტში მთავრობის მონაწილეობა დასტურდება.
ორიოდ კვირაში კი, მოულოდნელად BGEO-მ აზოტის გაყიდვა და ვალის დაბრუნება მოითხოვა აუქციონი 24 აგვისტოს გამოცხადდა და 1-ელ სექტემბერს დასრულდა, აზოტი ეუ-ინვესტმენტმა 100 მლნ-ად იყიდა, კონკურსში მან მეორე მონაწილეს, საქართველოს ბანკს აჯობა, – თუმცა, თუ რეესტრს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ აუქციონის ყველა მონაწილე ერთმანეთთან იყო კავშირში. ეუ-ინვესტმენტის ხელმძღვანელი, რომელიც აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე დაფუძნდა, ეფრემ-ურუმაშვილია, მანამდე ის საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილეც იყო და საქართველოს ბანკის მომსახურე საადვოკატო კომპანია “ნოდია-ურუმაშვილის” დამფუძნებელიც, მისი მეორე პარტნიორი, ნოდია კი მეწილე იყო თბილისის სააუქციონე სახლშიც და ფულიც ურუმაშვილს აზოტის საყიდლად ასევე BGEO – მ მისცა.

საქართველოს ბანკის მფლობელია ბჯიო გრუპი, ის კი თავის მხრივ ბიჯიო გრუპ ფი-ელ-ესის საკუთრებაა, რომელიც ლონდონშია რეგისტრირებული. სარჩელი სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო, სადავო თანხა კი 994 მილიონი დოლარია, ზარალის მოცულობა, უცხოელი ექსპერტების შეფასების შედეგად დადგინდა“,- აცხადებს თეა ხამხაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები