ლევან გოგიჩაიშვილი: “სამართლიანი თამაშის წესებმა დღეს კონკრეტული შედეგი გამოიღო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს” ეთერში ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატვებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამართლიანი თამაშის წესებმა დღეს კონკრეტული შედეგი გამოიღო და ერთ-ერთმა ბანკმა თავისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე 12000 ათას ადამიანს ახალი შეთავაზება გაუკეთა. დეპუტატის თქმით, მსგავსი შეთავაზება დღევანდელ დღემდე არ გაუკეთებიათ.
„მთავარია სამართლიანი თამაშის წესები, ეს არის აქსიომა, რომლის გარეშეც ჩვენ, როგორც სახელმწიფოდ ვერასდროს შევდგებით. ახლა იწყება ახალი ეტაპი. დადგა ახალი ეკონომიკური რეალობა. საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც ხვდებიან, რომ ბევრი რამ შესაცვლელია. ახლა მთავარია სამართლიანი თამაშის წესები შემოვიღოთ” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობს კონკურენციის ხარისხი და იგი სრულად ეთანხმება მამუკა ბახტაძის ინიციატივას ეკონომიკური რეფორმის გატარების აუცილებლობის შესახებ. როგორც საპარლამენო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას” ამ მიმართულებით საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, რომლიდან გამოსვლასაც მთელი რიგი რეფორმები დასჭირდა.
ლევან გოგიჩაიშვილმა ფინანსთა მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება, იგი საკუთარი ინიციატივით გეგმავს პარლამენტში მისვლას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მიმდინარე პროცესს და ტრანსფორმაცია მოსახლეობისთვის უმტკივნეულოდ ჩაივლის.
„ეს არის დემოკრატიული პროცესი. ჩვენ ხელს კი არ ვუგრიხავთ ვინმეს, არამედ ვხსნით დისკუსიას” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სიღარიბე დამარცხდეს, ამისათვის კი დროა სამართლიანი თამაშის წესები შემოვიღოთ.
„უნდა გაიზარდოს იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც გადასახადებსაც გადაიხდიან და მოსახლეობასაც დაასაქმებენ. ჩვენ გვაქვს კომპლექსური გეგმა, რომლითაც ძალიან სერიოზულ გარღვევას გავაკეთებთ ეკონომიკაში “- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები