„დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება, არ შეიცავს არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას“

დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება, არ შეიცავს არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ ვეფხია ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, დახასიათება შეიცავს მხოლოდ იმ ობიექტური გარემოების აღწერას, რომელიც გამოიხატა კონკრეტული მსჯავრდებულის მხრიდან, სასჯელის მოხდის პროცესში: თუ როგორ იცავდა დადგენილი რეჟიმის მოთხოვნებს, დებულების მოთხოვნებს, რამდენად ერთვებოდა სოციალურ თუ სარეაბილიტაციო პროგრამებში, ასევე, ფსიქოლოგთან გასაუბრების დროს რა აღნიშნა ფსიქოლოგთან.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ე.წ. უდო-ს კომისიაში მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით, იდენტური დახასიათებები იქნა გაგზავნილი.
“სწორედ ამ დახასიათებაზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის მიერ, ისე სასჯელაღსრულებაში, ე.წ. უდო-ს საბჭოს მიერ. ექვსჯერ იქნა ჩვენი მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მანამდე სამჯერ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე. ანუ, ჯამში ცხრაჯერ იქნა განხილული და ცხრაგზის უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღეთ”, – განაცხადა ალესანდრე დარახველიძემ.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას უდო-ს კომისიის უარის შესახებ, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ერთ-ერთი გადაწყვეტილება ვეფხია ბაქრაძისთვის დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა ერთ თვით ადრე, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება წინ უძღოდა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ე.წ. უდო-ს კომისიის სხვა დასკვნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები