“ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი შეცდომის შემთხვევაში, ნებისმიერი თავმოყვარე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ვანო ზარდიაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პატიმართა შეწყალების უფლების გამოყენებისას ბევრი შეცდომა დაუშვა.
ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქმედება ამორალურია, როცა საზოგადოებამ ირაკლი ქორიძე გარეთ იხილა, ხოლო ვეფხია ბაქრაძე – შეწყალებული.
„შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან უპასუხისმგებლობა გამოხატულება ვიხილეთ. როდესაც პრეზიდენტს ქორიძის შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვებით მივმართეთ, მან თემა საერთოდ დააიგნორა, მაშინ, როცა ქვეყანაში 300 აბი სუბოტექსის შემომტანი შეიწყალა. მოგვიანებით ვიხილეთ, რომ ამ ადამიანმა 1000 აბი სუბოტექსი შემოიტანა. შემდეგ ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებული პირი ვიხილეთ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მარგველაშვილს შეწყალებაზე ექვსჯერ უარი უთხრა, როცა მეორე შემთხვევაში, მართლმსაჯულების სამივე ინსტანციამ სასჯელი უცვლელად დატოვა, პრეზიდენტმა მას სასჯელი გაუნახევრა. რა საზარელი ტრაგედია მოხდა, ვიხილეთ. ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი შეცდომის შემთხვევაში, ნებისმიერი თავმოყვარე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა. მარგველაშვილი თავის ქმედებაზე ხელებს სხვისკენ იშვერს. ერთხელ ეკა ბესელიას მიმართ გაიშვირა, ახლა ოჯახის წევრებზე. შეიძლება ვინმეს კენედის მკვლელობაც დააბრალოს“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.
პრეზიდენტმა კომისიის მიერ შეწყალების საფუძვლად გამოყენებულ დოკუმენტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.
ვეფხია ბაქრაძეს, რომელიც სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
შსს-მ ვეფხია ბაქრაძე ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის მიმდინარე წლის 14 აპრილს დააკავა.
ირაკლი ქორიძე კი, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 მარტს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ქორიძეს გიორგი გიორგანაშვილი და ჯაბა ხულორდავა თურქეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანაში ეხმარებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები