კახა კალაძე: მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროს მემანქანეებისთვის ამ ეტაპზე ხელფასების გაზრდა არ იგეგმება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათი ხელფასი 1500 ლარამდეა.
„ჩვენ გვაქვს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ხელფასების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია. თუნდაც ბაღების მიმართულებით, სადაც დასაქმებულებს აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ხელფასი აქვთ 300-400 ლარი, ხოლო დირექტორებს 800 ლარი. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. რაც შეეხება მეტროს მემანქანეებს, მათ მომდევნო წლებში, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ხელფასები მოემატებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე დღეს ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობის პროცესს და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მეტროს მემანქანეები ხელფასების 45%-ით გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაფიცვით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები