ანდრია გვიდიანი: ფინანსთა მინისტრის ინიციატივები რევოლუციური გარღვევაა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში

„ფინანსთა მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივები რევოლუციური გარღვევაა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში“ – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებები, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ეხება.
როგორც „კვირას“ ანდრია გვიდიანმა განუცხადა, ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული ინიციატივები მნიშვნელოვნად წაახალისებს მცირე და საშუალო მეწარმეებს.
„ფინანსთა მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რევოლუციური გარღვევაა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში. მიმაჩნია, რომ დღეს დასახელებული ინიციატივები იქნება მნიშვნელოვნად წამახალისებელი, სწორედ სამეწარმეო სულისკვეთებისთვის. რაც შეეხება საბანკო სექტორს, დღეს პრაქტიკულად მინიმუმადე არის საბანკო სექტორის მხრიდან რეალური ეკონომიკის სექტორის დაფინანსების შესაძლებლობები და ის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, არაადექვატურად გაბერილი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის დაკრედიტირებას და ზოგადად ეკონომიკის ზრდას რეალურად აფერხებს.
აქედან გამომდინარე, სამეწარმეო-წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც ფინანსთა მინისტრმა შემოგვთავაზა, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საქართველოში მეწარმეობის განვითარებას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად წამახალისებელი იქნება. ეს გულისხმობს იმას, რომ ბევრი ადამიანი საკუთარ თავზე იგრძნობს იმ სიკეთეებს და დივიდენდებს, რომელიც ამ რეფორმის ფარგლებში შეეხება მოქალაქეებს. შესაბამისად, ეს იქნება მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, იმდენად, რამდენადაც, მოქალაქეებს რეალურად გაუჩნდებათ კაპიტალწვდომის შესაძლებლობა, თავიანთი ბიზნესს იდეის და სწორი ბიზნესგეგმის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, კომპლექსურად თუ შევხედავთ, ის შეღავათები რომლებიც ფინანსთა სამინისტრომ უკვე გაუკეთა მცირე და საშუალო ბიზნესს და ძალიან ლიბერალურ საგადასახადო რეფორმას, ამას დაემატა კაპიტალწვდომის გამარტივებული მექანიზმი, რაც თავის მხრივ კომპლექსურად წაახალისებს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონიმიკის სწორად განვითარებისათვის“ – განუცხადა „კვირას“ ექსპერტმა.
ამასთან, ანდრია გვიდიანმა ფინანსთა მინისტრის მიერ საქართველოს საბანკო სისტემის მიმართ გამოთქმულ შეხედულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი საბანკო სექტორი არ არის სწორად განვითარებული.
მისი თქმით, საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის დაკრედიტირებაში არ არის ორიენტირებული.
„რაც შეეხევა საბანკო სისტემას, დღეს ბანკები რეალურად არიან მხოლოდ თავიანთ მოგებაზე ორიენტირებულები, მათთვის ეკონომიკის დაკრედიტირება არის მეორეხარისხოვანი, წლიდან წლამდე იზრდება საბანკო სისტემის მოგება, თუმცა რეალურად ეკონომიკის დაკრეტირება არ ხდება. რეალურად, ბანკები საერთოდ არ იზიარებენ იმ რისკებს, რომელიც შესაძლოა ბიზნესის დაფინანსებას თან ახლდეს. აქედან გამომდინარე, ბიზნესის დაკრედიტირების ძალიან მცირე რესურსია საბანკო სექტორიდან. ძირითადი შემოსავლები არის ფიზიკური პირებიდან, ჯარიმებიდან, საურავებიდან საკონვერსაციო ოპერაციებიდან და ასე შემდეგ, რაც ცხადია, მიუღებელია. 3, 5 მლრდიანი ბრუნვიდან 1, 5 მილიარდი ფიზიკური პირებიდან არის შემოსული, რაც თავის მხრივ აღნიშნავს, იმას რომ საბანკო სექტორი არ არის სწორად განვითარებული და არ არის ორიენტირებული ეკონომიკის დაკრედიტირებაში“ , – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას” იწყებს.
კერძოდ, მთავრობა მეწარმეებისთვის მაღალპროცენტიანი სესხების ალტერნატივას ქმნის – შესაბამისი განცხადება ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში გააკეთა, სადაც „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქარველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა ბახტაძის თქმით, ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები