მერაბ ჯანიაშვილი: მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ალტერნატიული გზის ამოქმედება, ეკონომიკაში სერიოზული ბიძგი იქნება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის” ინიციატივა დადებითად შეაფასა.
როგოც მან აღნიშნა, არსებული საბანკო სისტემა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელია. შესაბამისად, მისივე თქმით, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის თუ ამოქმედდება რაიმე ალტერნატიული გზა, ყოველივე ეს სერიოზულ ბიძგს მისცემს საქართველოს ეკონომიკას.
“ეს ინიციატივა აბსოლუტურად მისასალმებელია, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების აქტიური მხარდამჭერი ვარ. თუ ქვეყანაში უმუშევრობის და სოციალური პრობლემების დაძლევა გვინდა, ამ სფეროს განვითარებაა საჭირო. ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა და იმედია, ჩვენთანაც შესაბამისი ყურადღება მიექცევა.
მე და სხვა ეკონომისტებიც, დიდი ხანია იმაზე ვთანხმდებით, რომ არსებული საბანკო სისტემა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელია. კარგია, თუ ამაზე გაკეთდა აქცენტი.
ბოლო პერიოდში ბიზნესის განვითარების მთავარ პრობლემად კვალიფიციური კადრის ნაკლებობა და ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა სახელდება. ფინანსების მიღების ერთადერთი წყარო საქართველოში არის საბანკო სფერო, შესაბამისად, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის თუ ამოქმედდება რაიმე ალტერნატიული გზა ფინანსების მოძიების, ეს სერიოზულ ბიძგს მისცემს ჩვენს ეკონომიკას”, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას” იწყებს. როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში განაცხადა, საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები