“ჩერნოვეცკის ფონდი” დავით სერგეენკოს მიმართავს
“ჩერნოვეცკის ფონდმა” ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, მცირე საოჯახო სახლების გახსნის შესახებ თხოვნით მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ფონდს გააჩნია საშუალება, გახსნას მცირე საოჯახო ტიპის სახლები განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც ამის დიდი საჭიროებაა. აღნიშნულ წერილს “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო თქვენდამი პატივისცემა და მადლიერება ჩვენი საზოგადოების მიმართ გაწეული ძალისხმევის და ინტერესების გამო. სანამ ჩვენი მიმართვის არსზე გადავალთ, ნება მომეცით ჩვენი ფონდის ჰუმანიტარული მისიის ძირითადი მიზანი გაგაცნოთ, რითაც შემოთავაზებულ ინიციატივის მნიშვნელობას გავუსვამ ხაზს.
6 წლის განმავლობაში “ჩერნოვეცკის ფონდი”, დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობამ უკვე 17,000-ს გადააჭარბა და ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე შეჩერებას.
ჩვენი მრავალმხრივი საქველმოქმედო საქმიანობა მოიცავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურებას: მარტოხელა მოხუცებზე ზრუნვას, უფასო საკვების დარიგებას გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მათთვის საყოფაცხოვრებო, სამედიცინო და ჰიგიენური მომსახურების გაწევას.
ჩვენი ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ფუნქციონირება, სადაც მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდების სწავლა–განვითარებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.
დღეისათვის, “ჩერნოვეცკის ფონდი” ადმინისტრირებას უწევს სამ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს თბილისსა და ქობულეთში, სადაც ამჟამად 25 ბენეფიციარი ირიცხება.
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მყუდრო და კომფორტულ გარემოში, ყველანაირი პირობაა შექმნილი აღსაზრდელების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის. ისინი ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობებში, უზრუნველყოფილნი არიან ინტერესების და ასაკის შესაბამისი რესურსებით, მონაწილეობას იღებენ სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში, ემზადებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
მცირე საოჯახო სახლების არსებობის პერიოდში მიღწეული წარმატებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ აცხადებს, რომ აქვს ამ სფეროში თავისი საქმიანობის გაფართოების და ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების გახსნის სურვილი და შესაძლებლობა.
ზედმეტად მიმაჩნია უპატრონო და მშობლების მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სტატისტიკის მაგალითის მოყვანა. ჩვენ გავმხდარვართ არაერთი ფაქტის მომსწრე, როდესაც ბავშვებისთვის ოჯახში დარჩენა საზიანოა მათი ფიზკური ან ფსიქიკური განვითარებისთვის. ჩვენ გულგრილად ვერ ვუყურებთ მშობლების მზრუნველობას მოკლებულ და უპატრონო ბავშვებს. მეტროსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში განსაკუთრებით თვალში საცემია მშობლების მიერ მათხოვრად განწირული ბავშვები, რომლებიც ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროდ არიან ქცეულნი.
ნუთუ შესაძლებელია, რომ მზრუნველობამოკლებული, ხშირად მშობლების ძალადობის და უწესობის მომსწრე, თითქმის მშიერი, ელემენტარულ განათლებას მოკლებული ბავშვები, ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები გახდნენ?
რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ჩვენ შეგვიძლია არსებული არასასურველი სიტუაციის მიმართულების შეცვლა და ზეგავლენის მოხდენა.
“ჩერნოვეცკის ფონდი” მზად არის, დახმარების ხელი გაუწოდოს ბავშვებს, მისცეს მათ სრულფასოვანი განვითარების და განათლების მიღების შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც არსებობს აღნიშნული მომსახურების განხორციელების აუცილებელობა.
ბატონო მინისტრო, გთხოვთ მოგვცეთ ოფიციალური ნებართვა ჩვენი ინიციატივის და ღვთისნიერი საქმის განხორციელებისათვის.
უპატრონოდ დარჩენილი და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ბედი ჩვენს ხელთაა, გვაქვს შესაძლებლობა, ვიხსნათ ისინი ამ გაუსაძლისი სიდუხჭირისგან. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ერთ ხელმოწერაზე, რომლის დახმარებითაც ჩვენ შევძლებთ ახალი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ადმინისტრირებას.
ბატონო მინისტრო, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ინიციატივას უდიდეს მნიშვნელობას მიანიჭებთ და მოგვცემთ თქვენს თანხმობას”,- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს “ჩერნოვეცკის ფონდის” დირექტორი ოლენა პოლიშუკი.
R