XIII საერთაშორისო ფესტივალი – „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიმართება

კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, XIII საერთაშორისო ფესტივალთან – „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დაკავშირებით.
ღონისძიებას უძღვებოდნენ: საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, დედაქალაქის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, ფესტივალის დამფუძნებლები – მანანა ხვედელიძე და ირინა სახამბერიძე, კომპოზიტორი – დავით ევგენიძე, უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები – ატილიო ტომაზელო, ქრისტიან ბენედიქტი, ვიტორიო ვიტელი, ასევე, საქართველოში იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე ნინო კილოსანიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ნესტან ბაგაური და სადაზღვევო კომპანია „არდის“ წარმომადგენელი – ეკატერინე ხიდაშელი.
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ეს საიუბილეო, დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნება.
ფესტივალი, წელს, 12 აპრილიდან 17 მაისამდე გასტანს – საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი შემსრულებლები. კერძოდ, ცნობილი ტენორი – ქრისტიან ბენედიქტი, ცნობილი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი, საგანგებოდ მოწვეული დირიჟორი – ატილიო ტომაზელო, გერმანიის ქალაქ ინგოლშტატიდან სექსტეტი „Del Arte”, რომელთან ერთადაც, პირველად საქართველოში „ბაროკო მუსიკას“ წარმოადგენს იანო ლიბეგაშვილი.
უწმიდესის თხოვნით, ყოველ წელს ხორციელდება ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებული სპეციალური საქველმოქმედო პროექტები.
წელს, ფესტივალის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის კონცერტი „მუსიკის ენით მოთხრობილი ზღაპრები“ გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას 3 დიდი მუსიკალური კოლექტივი მიიღებს: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ცენტრალური სამუსიკო “ნიჭიერთა ათწლედის“ სიმფონიური ორკესტრი და სახ. კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
ფესტივალი ყოველწლიურად ქართულ საკომპოზიციო სკოლასაც წარმოაჩენს. როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში, წელს, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, შემსრულებლისა და პოეტის – დათო ევგენიძის საიუბილეო საღამოები გაიმართება.
ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამაში, ასევე იხილავთ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ გამოფენას, სამეცნიერო იდეის პრეზენტაციას, პოეზიის საღამოს და ა.შ.
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, ტრადიციულად, აღდგომის ბრწინვალე შვიდეულის კვირაში იწყება და ამაღლების დღესასწაულზე სრულდება.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი საოპერო სოპრანო იანო (თამარ) ალიბეგაშვილი, საპატიო მრჩეველი, ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. ორგანიზატორია „არტ +“.
ფესტივალის მუდმივი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის კულტურის, განათლების, სპორტის სამინისტრო, „არდი დაზღვევა“, იტალიის საელჩო საქართველოში.
თანაპარტნიორები: კახეთის გუბერნია და თელავის მუნიციპალიტეტის მერია, იმერეთის გუბერნია და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, რუსთაველის თეატრი.

ფესტივალის პროგრამა:

12 აპრილი – თბილისი. ფესტივალის საზეიმო გახსნა. გალაკონცერტი.
მონაწილეობს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. სოლისტები: ქრისტიან ბენედიქტი – ტენორი (ლიტვა), ვიტორიო ვიტელი – ბარიტონი ( იტალია). დირიჟორი ატილიო ტომაზელო (იტალია).
რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი.
დას. 19.00

13 აპრილი – 17 მაისი -თბილისი. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა – „აღდგომიდან ამაღლებამდე – სიუჟეტები ხელნაწერი მემკვიდრეობიდან“.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
დას. 19.00

14 აპრილი – თბილისი. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი „მარია კალასი>“. გაკვეთილი. რეჟისორი რობერტ სტურუა. ეძღვნება რეჟისორის საიუბილეო 80 წლისთავს.
რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი.ზაზა აბაშიძე
დას. 19.00

17აპრილი – თბილისი. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული დღესასწაულის „ჭვენიერობის“ აღდგენის იდეის პრეზენტაცია.
ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცე.
დას. 15.00

19 აპრილი – თბილისი.„მუსიკის ენით მოთხრობილი ზღაპრები“. საქველმოქმედო საღამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
სერგეი პროკოფიევი. სუიტა სიმფონიური ორკესტრისთვის „პეტია და მგელი“. მთხრობელი თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია. ზურა ნადარეიშვილი. „ამბავი რწყილისა და ჭიანჭველასი“. მთხრობელი კონსერვატორიის პროფესორი ნინო ჟვანია. მონაწილეობენ: თბილისის სახ. კონსერვატორიის ახალი მუსიკის სტუდენტური ანსამბლი, კვარტეტი – „ჯორჯია მოდერნი“ და და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, “ნიჭიერთა ათწლედი”-ს სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი იოსებ ჯუღაშვილი.მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
დას. 16.00

27 აპრილი – თბილისი. დათო ევგენიძე, პოეზიის საღამო.
მწერალთა სახლი.
დას. 18.00

3 მაისი – თელავი. დათო ევგენიძის შემოქმედებითი საღამო. მონაწილეობენ თბილისის სახ. კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა“, მოწვეული მუსიკოსები. დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.
ვაჟა-ფშაველას სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი.
დას. 18.00

7 მაისი – „ბაროკო მუსიკა“. იანო (თამარ ) ალიბეგაშვილი და ინსტრუმენტული სექსტეტი „Del Arte“ (გერმანია). ანსამბლის პირველი პრეზენტაცია საქართველოში.
კონსერვატორიის დიდი დარბაზი.
დას. 19.00

10 მაისი – ქუთაისი. დათო ევგენიძის შემოქმედებითი საღამო. მონაწილეობენ თბილისის სახ. კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა“, მოწვეული მუსიკოსები, სოლისტები. დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.
ოპერის თეატრი.
დას. 18.00

11 მაისი – ბათუმი. დათო ევგენიძის შემოქმედებითი საღამო. ეძღვნება აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის 110 წლისთავს.
მონაწილეობენ თბილისის სახ. კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა“, მოწვეული მუსიკოსები. დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.
სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.
დას. 18.00

17 მაისი – თბილისი. ფესტივალის საზეიმო დახურვა. დათო ევგენიძის საიუბილეო საღამო. მონაწილეობენ თბილისის სახ. კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა“, მოწვეული მუსიკოსები, სოლისტები. დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.
კონსერვატორიის დიდი დარბაზი.
დას. 19.00

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები