თავისუფლება – სამოთხის ჩიტებს!

თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობა კი იმერეთის ულამაზეს სანახებში გაატარა, სადაც მისი მესაიდუმლე და პირველი ნაწარმოებების შემფასებელი ბაბუა იყო…
13 წლისას, ნაზი კილასონიამ დაულოცა გზა შემოქმედებაში…
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრება ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდს დაემთხვა – აფხაზეთის ომს და უმძიმეს პირობებს. პედაგოგად მუშაობდა, თან წერდა – ლექსებს მოთხრობებს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნდებდა… შემდეგ, ოჯახს გაუჭირდა და ისე მოხდა, რომ ემიგრაციაში მოუწია წასვლა… სადაც წერის დროს გაუმძაფრდა შთაბეჭდილებები…
ხშირად მონაწილეობს საქართველოში ლიტერატურულ კონკურსებში, კონკურსემიგრანტის წერილისორჯერ გამარჯვებული, ასევე რევაზ ინანიშვილის სახელობისერთი მოთხრობისკონკურსის გამარჯვებულია, საბავშვო ლიტერატურის კონკურსების ლაურეატიც არის…
ამბობს, რომ ყველა ადამიანის მოვლინებას თავისი დანიშნულება აქვს, მეც ჩემი აზრი და მისია მაქვს. მე ეს ცოცხალი ჯოჯოხეთი უნდა მენახა, საკუთარი ერის და ქვეყნის ტკივილი ჩემს თავზე უნდა გამომეცადა“.… – სალომე გოგოლაძის პერსონა.

– თბილისში დავიბადე, ჩემი მშობლები განათლებული ადამიანები იყვნენ. დედაჩემ მარიამს ძალიან უყვარდა პოეზია, პროზა და ხელოვნება. მახსოვს, ჩვენი სახლის დიდი კედელი სავსე იყო კლასიკოსთა და რომანტიკოსთა შემოქმედებით. სანამ კითხვას ვისწავლიდი, დედა მიკითხავდა საინტერესო მოთხრობებსა და ლექსებს. მერე კი უკვე მოთხოვნილებად გადამექცა, ბავშვობაში ჩემი ძირითადი გასართობი ეს წიგნები იყო. აღმოვაჩინე ახალი სამყარო, სადაც შემეძლო მემოგზაურა და ჩემი ფანტაზიით წარმომედგინა თითეული გმირი, თითეული ადგილი. ასე გავეცანი უამრავ საინტერესო ავტორს. შევიყვარე და შევისისხლხორცე ქართული სულიერება და კულტურა. ვფიქრობ, დღევანდელ თაობას, რომელიც კომპიუტერსაა მიჯაჭვული, წიგნთან ცოცხალი შეხება აკლია, წიგნი გვაძლევს საკუთარი ფანტაზიის გაღვივების საშუალებას, წაკითხულის განცდას და გააზრებას,რაც მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ჩამოყალიბებისათვის.
განსხვავებული ბავშვი ვიყავი, დაფიქრებული და სევდიანი. გულით სამყაროს ტკივილს ვატარებდი. სხვა ბავშვები რომ ქუჩაში თამაშობდნენ, მე მერჩივნა სადმე განმარტოებით ვმჯდარიყავი და ჩემს ფანტაზიებში მემოგზაურა. ოჯახიდან მოგონება დამრჩა და დიდი სიცარიელე, რომელიც მშობლების დაღუპვის მერე ვერაფერმა შემივსო. ჩემს მოთხრობებს და ნაწარმოებებს მუდამ გასდევს ეს სევდა, რომელიც, ჩემდა უნებურად, იგრძნობა. არ მინდა მკითხველი დასევდიანდეს, მაგრამ მე თითქოს ვაჟას შვლის ნუკრივით ვარ, ბავშვობაში სულ მეტირებოდა ამ ნაწარმოებზე, მაშინ კი არ ვიცოდი, რომ მეც იმ ნუკრივით დავრჩებოდი ცხოვრების უღრან ტყეში.

ბავშვობა

ლექსებს ბავშვობიდან წერთრას გაიხსენებთ ბავშვობიდან?
– შემოქმედებით ნიჭით ბაბუას ვგავარ. ბაბუაჩემი საოცარი სიბრძნით სავსე უბრალო, მშრომელი გლეხი კაცი იყო. ჩემთვის კაცის იდეალი, სუფთა, წესიერი და უბოროტო. მთელი თავისი ცხოვრება შრომაში რომ გაატარა. საოცრად ლამაზია იმერეთი, დედის სოფელი, სადაც ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე, ეგზოტიკური, კლდეები და გამოქვაბულები, დაკიდებული ხიდები ყოველთვის დიდ აღტაცებასაც და ინტერესს იწვევდნენ ჩემში. ბაბუა ამ ლამაზ სოფელში ცხოვრობდა და შრომობდა, წერდა ლექსებს, მოთხრობებსა და მოგონებებს თავის განვლილი ცხოვრებაზე, ლექსების წერა ის ღვთიური საჩუქარი იყო, რომელსაც ფარულად ატარებდა. არავის აწუხებდა თავისი სამყაროს მრავალფეროვნებით …
მე რომ წერა დავიწყე, ბაბუა ამ ამბავს სიხარულით შეხვდა, თითქოს ჩემში სულიერი მეგობარი დაინახა. ხშირად ერთმანეთს ვუკითხავდით ნაწარმოებებს, ვუზიარებდით აზრებს.  ვიცოდი, რა ცეცხლი სწვავდა ამ ადამიანს და ვთვლიდი, რომ მნიშვნელოვანი იყო ყოველი მისი გადმოცემული სიტყვა. ოჯახიდან ბაბუაჩემი ყველაზე ბოლოს გარდაიცვალა. მაშინ აღარც დედა იყო ცოცხალი და აღარც ბებია. ბაბუა მიწევდა ყველა მათგანის მოვალეობას, ამიტომ უფრო მეტად ვიყავი მასთან მიჯაჭვული და ჩემს მეხსიერებაშიც დიდხანს შემორჩა ცოცხლად. ბაბუა კი არ გარდაიცვალა, უფრო სხვა სამყაროში გადასახლდა, თავის წიგნებთან და ლექსებთან ერთად, რომლის ფენომენიც ვერავინ ვერ ამოხსნა და დაინახა ჩემს მეტმა. მე ლექსიც კი დავუწერე ბაბუას ამ თემასთან დაკავშირებით.
მე მადლობელი ვარ ამ ადამიანების, რომლებმაც მე ძალიან ბევრი რამ მასწავლეს, სიკეთე, სიყვარული, სამშობლოსა და საკუთარი მიწის პატივისცემა. მოყვრისა და მტრის გარჩევა ერთმანეთისგან.

ნეტავ ასეთი რა ჰქონდა სათქმელი ბაბუას?..
ხან მიწა ეძახდა და ხან ლექსით ავსებდა სასმელს,
,,კაფე და თესეო“, – ეტყოდნენ ჩიტები ღაბუა,
და იდგა საქვეყნო ქელეხზე სასმისით სავსე.
ნეტა ვის ესმოდა, სიტყვათა ხავერდებს
აქსოვდა ბაბუა ბალახს.
ბებია გადაღმა ღვთისმშობელს ავედრებს
ცრემლიან თვალებით ჯალაბს,
კაკანებს კოპიტი და ხელის ცეცებით
ლანდები კედლებზე კრთიან,
დაჩეკეს მერცხლებმა ბახალა ბარტყები,
ქათმები იწყებენ კრიახს.
და მარცვლის თვლებივით გაფანტულ
დღეებსაც
ბაბუა ლექსებად მკიდა,
ვენახში მწიფობდა ჯერ ლეღვი, მერე ცა
და ქსოვდა ბებია წინდას.
,,ამ სვრელსაც ავიტან და მერე ლექსს დავწერ“ –
ფიქრობდა მოხუცი გულში,
და თლიდა ნელ- ნელა სიტყვათა ყავარჯნებს
და ოქროს აბნევდა ხნულში.
ნეტა რას ბუჩუნებს ეს ჩემი მოხუცი.
ფიქრობდა ბებია წყენით,
რა წერა აუტყდა, რა ლექსის ოხუნჯი.
იქნება ვინმეს წერს წერილს?..
ადექი, დაუწყდა ჩვენს ქვევრებს ჭიპლარი,
შეხვრიპეს ხეებმა სისხლი,
გახსენი კარები, დარაბა, ჭიშკარი,
ამ ლექსებს რა თავში იხლი!
იდგა მოხუცი და ზეცას შეჰყურებდა,
ცაში ატოლებდა ღრუბლებს,
როგორ ვერ ისწავლა ლექსის დაპურება
მიწის და ბალახის სუნით.
ასე თენდებოდა ყოველი დილა და
ცელი უდნებოდა ხელში,
ანთებდა ბაბუა ლექსების ჩირაღდანს
და ღვინოს წურავდა ქვევრში.
ნეტავი ასეთი რა ჰქონდა სათქმელი?..
მიკვირს და დავეძებ სიტყვებს,
და ვაბნევ ფურცლებზე,
ვით ზეცის საკმეველს,
პასუხგაუცემელ კითხვებს!..

სამყარო, რომელიც ფანტაზიისა და შთაგონების წყარო იყო
– მწერლის ფანტაზიის და შთაგონების წყარო შეიძლება უბრალო რამ გახდეს. გააჩნია, რა კუთხიდან დაინახავს ის ამა თუ იმ მოვლენას, გამოატარებს სულის ქურაში, გამოაწრთობს და შემდეგ ფურცლებზე გადმოიტანს. ,,გზა, რომელიც შორია“,  ჩემი ერთ -ერთი ბიოგრაფიული მოთხრობაა, სადაც კარგად ჩანს ჩემი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები. ჩემი სიხარული და ტკივილი, რაც გახდა ყოველივე ამის საწინდარი.
,,ზაფხულობით, დედაჩემი ქალაქიდან სოფლად რომ ჩამიყვანდა, სუნთქვა მიხშირდებოდა, სიმწვანით დაფარულ ეზოში რომ შევაბიჯებდი, სადაც აყვავებული ალუბლისა და ნუშის ხეების ჩრდილები ეფინებოდა გარემოს. ჩემი სამოთხე იქ იყო, იმ დალოცვილ და კურთხეულ ადგილას. ახლად ამოწვერილ კოინდარს გვერდს ვუვლიდი, რომ გაზრდა დამეცლია, სათუთი ღეროები არ დამეზიანებინა, ვარდის კოკრებსა და ფერად გეორგინებს სიყვარულით ვეალერსებოდი. ჩემს ეზოში სხვადასხვა ჯიშის ხეები ხარობდნენ, ბაბუაჩემი იყო მათი შემოქმედი, ბადალი არ ჰყავდა ხეების დამყნობა -გახარებაში, ყოველ წელს ახალ- ახალი ნერგები მოჰქონდა ეზო -ბაკეში. მე ბაბუა ღმერთი მეგონა, რადგანაც მხოლოდ ღმერთს შეეძლო ასეთი სილამაზის შექმნა“, – ეს არის ამონარიდი ჩემი მოთხრობიდან, ასეთ გარემოში გაზრდილს საწერიც ბევრი მქონდა და სააზროვნოც.
ხშირად მონაწილეობდით სასკოლო ოლიმპიადებში…  ჟურნალისტიკის სკოლაც“ დაამთავრეთ
– სკოლის პერიოდიდან მახოვს ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ახლაც მაქვს მიმოწერა. სამწუხაროდ, მრავალი მათგანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ბევრი ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე ფეისბუქზე. ჩემი თაობა კომუნისტური წყობის ბოლო თაობა იყო, სახელმწიფო დემოკრატიის ჩამოყალიბების ახალ ფაზაში იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს მოხდა 9 აპრილის მოვლენებიც. მე მახსოვს ხეებზე გაკრული ლექსები, მე მახსოვს ის პატრიოტული სულისკვეთება, რომელიც ჩვენში ენთო.
ყველა ჩვენგანი მაშინ დაუფიქრებლად დადგებოდა იმ ადამიანების გვერდით და მკერდით გადაუდგებოდა რუსულ ტანკებს. ეს საოცარი დრო იყო, უფრო მეტად სუფთა და ალალი იყო ქართველი კაცის ბუნება. კარგად მახსოვს, ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა გოგოჭური, ლამაზი, ცისფერთვალება, იასავით უწყნარი ქალი, რომელიც საოცარი ხმით გვიხსნიდა გაკვეთილს. მან დიდი როლი შეასრულა,  რომ ჩემში უფრო მეტად გაღვივებულიყო შემოქმედებითი მარცვალი. ამ დროს ბევრი ახალგაზრდა იწყებს წერას, ყველა ცდილობს, წარმოაჩინოს საკუთარი თავი. მე არ ვთვლიდი, რომ რამით ვიყავი განსაკუთრებული, უფრო მოკრძალებული და წყნარი ვიყავი სკოლაში. ჩემი სკოლის პედაგოგები ხედავდნენ ჩემში სხვა წვას, სხვა შემართებას, ამიტომ ხშირად მაგზავნიდნენ სასკოლო ოლიმპიადებზე. სკოლის დამსახურებაა, რომ მოვხვდი ,,ჟურნალისტიკის სკოლაშიც“. ბედნიერი ვარ, რომ მასწავლიდა ისეთი პიროვნება, როგორც ბატონი ნოდარ ტაბიძე იყო, დიდი გალაკტიონის ძმისშვილი. საოცარი, თბილი და საქმის მცოდნე კაცი იყო იგი. უყვარდა ნიჭიერი ადამიანები, ისეთი ახსნა იცოდა, ისეთი კუთხიდან დაგანახებდა მოვლენებს, რომ გაგიკვირდებოდა – აქამდე როგორ არ ვიცოდიო.
 ნიჭიერთა კლუბში“, ერთერთ შეხვედრაზე, ნაზი კილასონიამ დაგილოცათ გზა
– იმ პერიოდში უამრავი უფასო წრე იყო შემოქმედი ბავშვებისათვის. მეც დავდიოდი მაშინდელ პიონერთა სასახლეში, ,,ნორჩ შემოქმედთა წრეზე“. ჩემი პედაგოგი იყო ქალბატონი ინეზა აბესაძე. ხშირად ვატარებდით საკუთარი ნაწარმოებების განხილვას, რომელსაც ბავშვები ,,ჭაშნიკობას ვეძახდით“.  აგრეთვე ვხვდებოდით გამოჩენილ ადამიანებს, კარგად მახსოვს შეხვედრა პოეტ ნაზი კილასონიასთან, რომელსაც ლექსიც კი მივუძღვენი. სწორედ აქ შედგა ჩემი პირველი წარდგენა საზოგადოების წინაშე, მაშინ 13 წლის პატარა გოგო ვიყავი.
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ. სტუდენტობა ქვეყნისთვის რთულ პერიოდს დაემთხვა, ამავე დროს, ახლად შექმნილი ოჯახი გქონდათრას გაიხსენებთ იმ წლებიდან?
– სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მოხდა ისე, რომ ჯერ ოჯახი შევქმენი და მერე ჩავაბარე უნივერსიტეტში. ცოტა რთული იყო ჩემთვის ჩვილი ბავშვით ხელში თან მესწავლა, მაგრამ მე ეს მოვახერხე. ამ დროს დაემთხვა ის საშინელი პერიოდი, როცა ჩვენი ქვეყანა ნელ- ნელა ნგრევას იწყებდა. დაიხურა ქარხნები, დაიწყო უშუქობის პერიოდი, არ იყო ტრანსპორტი, უსაშველო პურის რიგები და ავტომატიანი ჯარისკაცები. ქუჩის ყოველ კუთხეში შიში იყო ჩასაფრებული. ამას მოყვა აფხაზეთის ომი. ეს იყო ურთულესი პერიოდი. მე პარალელულად სკოლაში ვმუშაობდი პედაგოგად და თან ვსწავლობდი ფილოლოგიის დაუსწრებელ ფაკულტეტზე. დედა ძალიან მეხმარებოდა ყველაფერში მხარში მედგა.
9 წელიწადი პედაგოგად მუშაობდითრა შეგძინათ იმ წლებმა?
– ჩემი პედაგოგობის პერიოდმა მასწავლა ბავშვებთან ურთერთობა, მათი სამყაროს წვდომა, რაც მერე დამეხმარა საბავშვო ნაწარმოებების შექმნისას. ბავშვის ბუნება სუფთა წყაროსავით არის, ყველაფერს ილექავს და იმახსოვრებს, რასაც მიაწვდი. ამიტომ მეტი სიფრთხილე მართებთ უფროსებს, რომ არ აუმღვიონ პატარებს სუფთა სამყარო. მე ბავშვებთან მიდგომის ჩემებური მეთოდი მქონდა, მათ, როგორც დიდებს, ისე ვესაუბრებოდი. არასოდეს დამიმცირებია ბავშვი გაკვეთილის არ ცოდნის გამო, არ გამირჩევია ერთმანეთისაგან მოსწავლეები. ჩემი გაკვეთილები არასოდეს იყო მოსაწყენი და ერთფეროვანი, ამიტომ ისინიც დიდი სიამოვნებით მისმენდნენ და ადვილად ითვისებდნენ ახსნილ მასალას.
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის სასწავლო სისტემა მეტად მოუწესრიგებელია, გაუთავებელმა ცვლილებებმა მოზარდის გონებაზე და მასწავლებელთა ფსიქიკაზეც იმოქმედა. თითქოს სკოლა საცდელი ობიექტიაა, ჩემი აზრით, სასწავლო პროგრამა ქართულ ეროვნულ სულიერებაზე უნდა იყოს მორგებული, არ უნდა მოწყდეს მოზარდი საკუთარ ფესვებს, ახალი სისტემა უნდა ეფუძნებოდეს ჩვენს თვითმყოფად, სულიერ საგანძურს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ვითარდება, მაგრამ ეს განვითარება არ უნდა ხდებოდეს ძველის დავიწყების ხარჯზე, რაც კარგია ის უნდა შევინარჩუნოთ.
–  ემიგრაციამდე თქვენი ნაწერები ქვეყნდებოდა ქართულ ლიტერატურულ ჟურნალგაზეთებში, გამოეცით წიგნი, გქონდათ შემოქმედებითი საღამოცროგორ დარჩა ეს დრო თქვენს ცნობიერებაში?
– ჩემი პირველი ნაწარმოებები დაიბეჭდა ,,მწერლის გაზეთში“, ,,ქალთა გაზეთში“,  ჟურნალ ,, ნუგეშში“. მაშინ გამომცემლობა ,,სამშობლოს“ რედაქცია ჯერ კიდევ არსებობდა. ამ დროს გავიცანი უკეთილშობილესი ადამიანები – ბატონი ვალერიან მამუკელაშვილი, ბაღათერ არაბული, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩემს მწერლად ჩამოყალიბებაში. მოგვიანებით თანამშრომლობა გავაგრძელე ჟურნალ ,,ლიტერატურა და ხელოვნებასთან“, რომლის დამუძნებელიც იყო პოეტი ვაჟა ოთარაშვილი. აქვე იყო ჩამოყალიბებული ,, ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბიც“,  რომელსაც ჟურნალის რედაქტორი, ჩემი მეგობარი ვერიკო ზამთარაძე ხელმძღვანელობდა, სადაც დამწყები მწერლები და პოეტები ვიყავით გაერთიანებული. დღეს ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილები არიან და თავის სიტყვას ამბობენ ქართულ პოეზიაში და ლიტერატურაში. ესენი იყვნენ პოეტები: ედუარდ უგულავა, მაიკო მიქაია, გენრი დოლიძე, როი აბუსელიძე და სხვა
პირველად დაიბეჭდა თქვენი მოთხრობა – „ძველი სურათი გობელებზე“… მერელექსები და წერილებითითქმის თანაბრად აქვეყნებთ ლექსებსაც და მოთხრობებსაცდა მაინც, სათქმელს ყველაზე უკეთ ლექსად გადმოსცემთ თუ პროზად?
– ჟურნალ ,,ლიტერატურა ხელოვნებაში“ პირველად დაიბეჭდა მოთხრობა ,,ძველი სურათი გობელინზე“. ამით გამიცნო საზოგადოებამ, როგორც პროზაიკოსი. მაშინ ლექსებს იშვიათად ვწერდი, ვთვლიდი, რომ პროზა უფრო კარგად გამომდიოდა. მაგრამ არის სათქმელი, რომელიც ლექსად უფრო ლაკონურად და მოკლედ გამოითქმის. უფრო ხატოვანია. ლექსის წერა ემიგრაციაში ყოფნისას გავბედე. პროზა მოცულობითი ნაწარმოებია და უფრო მეტ სააზროვნოს და საფიქრალს მოითხოვს და დრო სჭირდება. პროზას სხვა დანიშნულება აქვს, პოეზია ერთი ამოფრქვევაა, რომელიც უნდა დაიწყო და დაამთავრო. პროზა კი მთელი განვლილი ცხოვრებაა, ან ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი. პროზა ადამიანს აძლევს საკუთარ თავში ჩაღმავების, დაფიქრების საშუალებას, ამ დროს მკითხველი გმირის ადგილზე წარმოიდგებს თავს. განიცდის და შეიგრძნობს მის ყოველ ემოციას. როცა პროზას ვწერ, იქ ვცხოვრობ და ყოველ სიტყვას ცოცხლად წარმოვიდგენ, ვხედავ ჩემს გმირს, მის მოძრაობას, მიმიკებს, სუნთქვას და ასე ყალიბდება ახალი ნაწარმოები.
2013 წელს, როცა დედაც აღარ იყო ცოცხალი, წახვედით ემიგრაციაშიამჟამად იტალიაში ხართეს გზა ყველაზე რთული და მძიმეა, რაც ოდესმე გამივლიაომითხარით ერთხელუკან რომ დაგაბრუნონ, ისევ წახვიდოდით სხვა ქვეყანაში?
– როცა ქვეყანაში კრიზისი დაიწყო, მაშინ ჩემს ოჯახსაც გაუჭირდა. დედ-მამა დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ, ძალიან ცუდი დრო დადგა. ვხედავდი, რომ ქალები ოჯახების და შვილების გადასარჩენად მიდიოდნენ. ვფიქრობ, დედაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მე ემიგრაციაში არ წამოვიდოდი. მაგრამ ეს იყო ჩემი ბედისწერა და მე ეს რთული გზა უნდა გამევლო, უნდა განმეცადა საკუთარ თავზე ამ ადამიანების ტკივილი. ემიგრაცია საშინელი სასჯელია თითეული ჩვენგანისათვის. ჩვენ სხვა გენეტიკის მატარებელი ერი ვართ, რაც არ უნდა კარგად იყოს ქართველი, მაინც ენატრება სამშობლო, თითქოს რაღაც ექაჩება, არ ასვენებს. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, საკუთარი სისხლის ყივილი თუ ნოსტალგია, რომელიც ყველა ემიგრანტს თან სდევს, მე ვხედავ აქ სევდიან, უსიხარული სახეებს, რომლებსაც სტიკივათ სიშორე, და სტკივათ ყოველი მათ მიერ არასწორად გამოთქმული აზრი, თითქოს ჩვენ მივატოვეთ ჩვენი ქვეყანაა და აქ კარგი ცხოვრების საძიებლად წამოვედით. ზოგი ადამიანის თვალში გმირებად წარმოვჩნდებით, ზოგის კი – მოღალატეებად.
ეს არის გზა, რომელიც ყოველ დღე რისკსა და შიშს უკავშირდება, ამასთან ერთად, გვიწევს საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრი, შიში იმისა, რომ ხვალ შეიძლება უმუშევარი დარჩე და ქუჩაში აღმოჩნდე. ის რომ, შენს უკან ოჯახი დგას და ელოდება თანხას, რომ საქართველოში იარსებოს. არ გაქვს ამ დროს უფლება, იფიქრო, შენ როგორ ხარ, რა გაწუხებს. ძალიან ბევრმა ემიგრანტმა უცხო მიწაზე დალია სული, საქართველოს მზეს და ცას მონატრებულმა. ამ განცდას ვერ აღვწერ, ეს ის შიშია, რომელიც ყველა ჩვენგანს აწუხებს. ამიტომ ემიგანტს უფრო მეტად უყვარს და სტკივა საკუთარი ქვეყანაა, ყველაფერს გაორმაგებულად განვიცდით, მანდ რაც ხდებაა. სულ პატარა წარმატებას კი გვახარებს, რაც საქართველოს უკავშირდება.
 „აქ ყოფნამ მომცა საშუალება, უფრო ღრმად ჩავწვდომოდი ჩემს სულიერ სამყაროს და იქიდან ამომეკრიფა ტკივილი, სიხარული თუ ყველა განცდილი, რაც ღრმად იყო დალექილი“, – ეს თქვენი სიტყვებიადა მაინც, როგორი ჩანს საქართველო იტალიიდან? რაც წახვედით, უკეთესობას ვერ ხედავთ?
– არაფერი ხდება შემთხვევით ცხვრებაში, მე რომ აქ ვარ, ალბათ ესეც ღმერთის ნებაა. დიახ, სწორედ აქ ყოფნა დამეხმარა, უფრო ღრმად დამენახა ჩემი სულიერი სამყარო, უფრო მეტად დავფიქრებულიყავი, თუ რა გზა გამოვიარე, ვინ ვარ, რატომ მოვედი ამ ქვეყნად. ყველა ადამიანის მოვლინებას თავისი დანიშნულება აქვს, მეც ჩემი აზრი და მისია მაქვს. მე ეს ცოცხალი ჯოჯოხეთი უნდა მენახა, საკუთარი ერის და ქვეყნის ტკივილი ჩემს თავზე უნდა გამომეცადა.

,,ჩემი ქვეყანა საბრალო გლახასავით გდია ახლა შარა-გზაზე და გამვლელ გამომვლელი წიხლსა და მათრახს არ იშურებს. ზემოთა ეშელონებში კი ისმის გაუთავებელი გრიალისა და ხორხოცის ხმები და ქვემოთ მყოფთა კვნესა- წუხილი არავის ესმის. ხანდახან თუ გაახსენდებათ ხალხი. ისე, ალბათ სეირისათვის და გამოვლენ არენაზე, როგორც გაფოფრილი ინდაურები. რაღაცას იტყვიან შეუფერებელს უადგილოს. გასიებულ თავებს გადააქნევენ და საბრალო ხალხს ისევ ბედის ანაბარად მიაგდებენ.
ხანდახან ასე მგონია, მე და ჩემი საქართველო ბედისწერით ვართ გადაჯაჭულნი. რას დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები ამაში. ჯერ მას სტკივა და მერე მერე, თუ ჯერ მე და მერე მას. თურმე, ორივეს ერთნაირად გვაწუხებს მოუშუშებელი იარა. თითოეული ჩვენგანი ამ პატარა ქვეყნის ნაწილი ვართ…. ერთადერთი ნუგეში უფალი ღმერთია, რომელიც სასწაულს მოახდენს, ყველას ერთად შეგვკრავს, გაგვამთლიანებს და ოდესმე, გაბრწყინებულ საქართველოში დაგვაბრუნებს დაკარგულ შვილებს. მერე, კი ალბათ, ჩვენი სამშობლოს ველ -მინდვრებზეც დადგება სიხარულის მაუწყებელი გაზაფხული და მოიპოვებს სიმშვიდეს ყველა ქართველი! ოღონდ გაუძელ ჩემო ქვეყანა და ჩვენც გაგვაძლებინე!“ – ვფიქრობ ცრემლმომდგარი…

–   ხშირად მონაწილეობთ საქართველოში ლიტერატურულ კონკურსებში, კონკურსემიგრანტის წერილისორჯერ გამარჯვებული ხარ, პირველიმეორე ადგილი მშვენიერი შედეგია. ასევე რევაზ ინანიშვილის სახელობისერთი მოთხრობისკონკურსის გამარჯვებულირას გაძლევთ ეს კონკურსები?
– ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ემიგრაციაში წერა, ბევრმა აღმოაჩინა თავი სხვა კუთხიდან, მე როგორც უკვე აღვნიშნე, ამ სფეროში საქართველოშიც მიცნობდნენ. აქ კი უფრო მეტი სათქმელი დამიგროვდა და უფრო მეტად გამიმძაფრდა წერის სურვილი, უფრო ვისწავლე ადამიანების პრობლემის ასახვა, ამიტომ ხშირად სხვის მონათხრობზეც ამიგია ნაწარმოები ჩემი ფანტაზიის დახმარებით. ჩემეულ სამყაროში გამოტარებით.
რაც შეეხება კონკურსებს, ეს აუცილებელია ახლად დამწყები მწერლისათვის, რომ საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნდეს, რომ უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, წეროს და იგრნობს, რომ მის შემოქმედებას და მის სიტყვას ფასი აქვს, ქართული ნიჭიერიება არ უნდა დაიკარგოს, კონკურსების დროს ხდება წარმოჩენა ახალი სახელების, ბერვი ნიჭერი ადამიანია წამოსული საზღვარგარეთ, მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატომ რუსუდან გოგბერაშვილი, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობს, ყოველ წელს ჩატარდეს ეს მეტად მნიშვნელოვანი კონკურსი.
ემიგრანტული ლიტერატურული კონკურსების გარდა სხვაგანაც მივიღე მონაწილეობა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რევაზ ინანიშვილის სახელობის ,,ერთი მოთხრობის კონკურსში“ გამარჯვება, რამაც დამარწმუნა, რომ მე ნამდვილად შემიძლია ვწერო და სარგებელი მოვუტანო ჩემს ქვეყანას ჩემი შემოქმედებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საბავშვო ნაწარმოებების კონკურსში გამარჯვებაც. ეს ის თემაა, რომელსაც დიდი სიფრთხილით ვეკიდები და უდიდესი პასუხისმგებლობით ვწერ თითოეულ სიტყვას.
ერთი ლექსი

– ამ ცხელ გულში სადაც მზეა, ჩქეფს და მიდუღს სისხლი შენი,
საქართველო სამოთხეა და ზღაპარი საკვირველი.
ოდიდგანვე მოყმეს ზრდიდნენ, მიწისა და ციხის მცველად.
გამიფრინდა ოდიშისკენ ჩემი თეთრა, ხოხბისყელა.
ხმა ჩამესმის სიზმრად ტკბილი, არწევს აკვანს ფოთლის ჩქამი.
მე ვარ საქართველოს შვილი, შუბლზე დასერილი ჯვარით,
შენ საფლავებს მირონი სდის, ვარდის სურნელს აკმევს ზეცა,
სულში ჟრუანტელი მივლის, გული ისე ამიკვნესდა.
ჩავყევ ფშავში ბებერ არაგვს, მცხეთის კალთებს ალტობს მტკვარი.
მტკივა: ზარზმა, ოშკი, ბანა, როგორც მოკვეთილი მკლავი,
მოვდიოდი ფეხშიშველა, მხარზე მეჯდა თეთრი მტრედი.
ვერაფერმა ვერ მიშველა, აქ ვარ, ჩაკირული დედი!…
ნატაძრალზე ქარი დაჰქრის, ფეხით ვთელეთ დიდი მეფე.
თვალი დაუხუჭეთ დავითს, საქართველოს აღმშენებელს.
ფრესკის ფერი ადევს დილას, ქუჩა, სულამონისლული.
ჩემი წილი მიწა მიმაქვს, როგორც მოგლეჯილი გული.
ფეხზე ძლივს დგას თეთრი ციხე, ვერ იცილებს ყვავს და ყორნებს.
დღეს თუ დიდგორს დაივიწყებთ, ხვალ ქრისტესაც მიაყოლებთ.
სად წავიდე, რომ წავიდე, გულში ჯავრი შემეპარა.
,,თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ, შავ იცმევდნენ ხანდახანა“…
მთვარე, როგორც ამორძალი, ამოცურდა ქაფიდანა.
ქალი- ალვა ტანკენარი, თმა ტალღებად გადიყარა,
ვკითხე -,,ვინ ხარ? ვისი გვარის..?- ცრემლის ტბაში დაიმალა.
რა შევკადრე ტურფა ყვავილს ნეტავ რა ვთქვი ამისთანა?!..
ჩემი ზეცა შემინახეთ , ჩემი ტურფა იავნანა.
საქართველოს სიყვარული, დამაქვს როგორც გულში დანა,
ვერაფერმა ვერ წაშალოს მზე ბორჯღალა, ნაფერალა.

ოჯახი, შვილები
– ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი შვილებია და ჩემი ანგელოზი შვილიშვილი.საბავშვო ნაწარმოებებს, რომ ვწერ მას წარმოვიდგენ ხოლმე – ჩემს პატარა ცისფერთვალება ნიკოლოზს. აქედან ვეფერები, სიშორის გამო არ შემიძლია მეტი მივცე მას. გული მტკივა, რომ ყველაზე ძვირფასს მოკლებული ვარ. საუკეთესო შვილები მყავს, ბიჭი არქიტექტორია და მუშაობს, გოგონა გერმანიაში  სამედიცინო კოლეჯში სწავლობს, თან მუშაობს, საავადმყოფოში მედდად. უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს. ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ვფიქრობ, მას ეს გამოუვა. საოცრად მიზანდასახული გოგოა, ნიჭიერი და მშრომელი.
 რას ინატრებდით?
– ვინატრებდი, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფო. ყველას შეგვეძლოს, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ვემსახუროთ სამშობლოს. ვინატრებდი, მშვიდობას, არ მინდა ვნახო ამდენი მგლოვიარე, მოწყენილი სახეები. ვინატრებდი, ვიყო ჩემს საყვარელ ადამიანებთან, ჩემს მეგობრებთან ერთად, მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი შემოქმედებით მოვეფერო ქართველ  ხალხს.
 თქვენს მოთხრობაში, რომელიცანეულშიდაიბეჭდა, აღწერილია გოგონას ფიქრები, რომელიც მომვლელად მუშაობს უცხოეთშიდიდი ტკივილით არის დაწერილიროგორ დაიწერა ეს მოთხრობა, ნამდვილ ამბავზეა, ხომ?
– ამ მოთხრობას ჰქვია ,,terra nostra“, ანუ ,, ჩვენი მიწა“. რა თქმა უნდა,  ყველაფერი განცდილი და რეალურია, რაც მანდ არის აღწერილი. ეს მარტო ჩემი ტკვილი არაა. საერთო  ქვეყნის ტკივილია. აქ, ჩვენ როგორც მოსამსახურეებს, ისე გვიყურებენ. ეს არაა გასაკვირი. იტალიელებს ამის გამო ვჭირდებით, გასაკვირია ისაა,  რომ  არაფერი არ იციან ჩვენ შესახებ, გეოგრაფიული მდებარეობაც კი.  მაშინ ხვდები, რა მძიმეა, იყო პატარა სახელმწიფოს შვილი.
შენ ცდილობ, აუხსნა, რომ რომელიღაც განუვითარებელი სახელმწიფოდან კი არა, საკმაოდ დიდი კულტურის  მქონე ქვეყნიდან ხარ და არაფრით ჩამოუვარდები სხვა ქვეყნებს.  და ეს ცოტა არ იყოს,  მათ დიდ გაკვირვებას იწვევს. მერე აღმოაჩენ, რომ ცოდნა, რომელიც, წესით, განათლებულ ევროპელს უნდა ჰქონდეს, შენ  მეტი გაქვს და  შენი თავი გეცოდება  ამ უსამართლო წუთისოფელში.
ემიგრაციაში ყოფნა ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემაც არის, რაც ნიშნავს უამრავ დანგრეულ ქართულ ოჯახს,  ეს ერის გადაშენებაა. რატომ მოხდა ასე? ამაზე კითხვა არავის აქვს.  ემიგრაცია ამ ტკივილსაც ატარებს, ქალები ეგუებიან  ბევრ რამეს, მარტოობას, სიცარიელეს, უსამშობლობას, ყველაზე მეტად კი საკუთარი სისხლის სიშორე სტანჯავთ.  ჩემი შვილები ჩემ გარეშე იზრდებიან, ვერ ვხედავ მათ დაქალებას და დაკაცებას, რაც დედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი  ეტაპია.
როგორ მუშაობ?
– ყველაფერზე შეიძლება წეროს ადამიანმა. უბრალო ქვა რომ ქვაა, მასაც თავისი ისტორია აქვს,  თავისი წარმოშობის ადგილი. ანუ შენ შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ეს ქვა აქ ტყულად არ გაჩენილა. ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. ამ ქვაზე მოვა და ვიღაც დაღლილი მგზავრი ჩამოჯდება. ასე რომ, მთავარია დაინახო სიღრმისეულად ესა თუ ის საგანი და მოვლენა. ამას ჰქვია  მწერლის ნიჭიერება. მე იმას ვხედავ, რასაც სხვა ვერ ხედავს, მითუმეტეს- ადამიანები, იმდენად საინტერესოები არიან, თავიანთი  უცნაური სამყაროთი, რომ დაუსრულებლად შეიძლება წერო მათზე.
 ვიცი, რომ დაბრუნებაზე ოცნებობდამაინც, როდის იქცევა ეს სურვილი რეალობად?
– სასტიკი  და  დაუნდობელია ბედისწერა. არავინ იცის, სად წაიყვანს ადამიანს. მე  უნდა მებრძოლა გადარჩენისათვის, უნდა მებრძოლა ჩემი მომავლისათვის და მერე ამაყად წარვმდგარიყავი, როგორც ცეცხლში გამოწრთობილი რკინა, ადამიანების წინაშე.
დაბრუნებაზე ვინ არ ოცნებობს?..  არავის უნდა აქ დარჩენა, გამონაკლისების გარდა. ალბათ იმათ გარდა, ვინც აქ უკეთესად იგრძნო თავი. მე კარგადაც ვყოფილვარ და ცუდაც, მაგრამ მე არ მინდა იქ ყოფნა, სადაც ჩემი სული უცხოა, სადაც ვერ გაიგებენ ჩემს ტკივილს, ჩემი სამშობლოს გასაჭირს  და მუდამ უცხოელი ვიქნები მათთვის.
  ერთი დღე
– იტალია საოცარი ქვეყანაა, თავისი სიძველეებით და ტრადიციებით.   ყოველ დილით ეკლესიის ზარის ხმა მაღვიძებს. მე, ბებია გრაციელასთან ვმუშაობდი დიდი ხნის განმავლობაში, რაც არასოდეს დამავიწყდება. საოცრად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ადამიანს, თავის შვილებთან არ იყო ისე ახლოს, როგორც ჩემთან. ალბათ გრძნობდა ისიც იმ ადამიანურ სითბოს, რაც აქ იშიათად გამოხატავენ ერთმანეთთან. ოთხი წელი ვიმუშავე ამ ოჯახში. ერთადერთი კომფორტი ის იყო, რომ  საშუალება მქონდა,  მეწერა. სხვა სამსახურში ამის ფუფუნება არ აქვთ. ზოგს კომპიუტერის ჩართვასაც კი უკრძალავენ.  მოკლედ, დილის ცერემონიალი ბებიის გალამაზება იყო, მერე – ,,კოლაციონი“ და ჩვეული სამუშაო, რასაც ყველა ,,ბადანტე“ აკეთებს. დასვენების დღეები თვეში ორჯერ მქონდა, როცა გამოვდიოდი, დიდი სიხარულით მივდიოდი ჩემს ქართველ მეგობრებთან, რომლებიც ჩემთვის მეგობრებზე მეტია.
ქართულ სათვისტომოზე და მის საქმიანობაზე გვიამბეთ
– იტალიის ბარში ჩვენი შეკრების ადგილი გვაქვს,  ასე ჰქვია – ,,იტალიის ცის ქვეშ“. ერთი ოჯახივით ვართ, რამდენიმე გოგოსთან უფრო ახლოს ვარ, ყველას გაცნობა და დაახლოება ვერ მოვახერხე ჩემი სამსახურის გამო.  ერთმანეთზე კარგები არიან, ნიჭიერები და ლამაზები. ხშირად ვმართავთ შემოქმედებით საღამოებს, ვკითხულობთ ლექსებს და ამით ვიკლავთ სამშობლოს ნოსტალგიას.  უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, მაგრამ არსებობს ისეთი ფაქტორები, რასაც მარტო ჩვენ ვერ  ვწვდებით. აქ არის სხვა სათვისტომოებიც, არის ოფისები, რომლებიც ეხმარებიან ემიგრანტებს გზის გაკვლევაში. ან ელემენტარული საბუთების მოგვარებაში. თუმცა ამ ბოლო დროს სერიოზული პრობლემის წინაშე ვგავართ უსაბუთობის გამო.
მე, მაგალითად, ხუთი წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილია. არ მაქვს უფლება, რომ წამოვიდე და უკან დავბუნდე, ეს ჩვენი სახელმწიფო, როცა ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს, რატომ არ ფიქრობს,  რომ ქართველ კაცს საზღვარგარეთ სამუშაოს უფლება მისცეს.  ჩვენ,  ერთი მხრივ, თავისუფლები ვართ, მაგრამ, მეორე მხრივ, ყოველ წუთს შეიძლება აღმოვჩნდეთ ქვეყნიდან გაძევებულნი. იმის გამო, რომ ,,კლანდესტინები“ გვქვია, ანუ არალეგალები.  იტალიას არ სჭირდება ამდენი ემიგრანტი. უამრავი ადამიანი შემოდის ყოველ დღე, საშინელებაა ამის ყურება, როგორ რიყავს ზღვა გარდაცვლილ  მიგრანტებს აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან. აქ ყველა ემიგრანტი ერთ ქვაბში ვიხარშებით.  ყველა ერთია ამათთვის. თუმცა განხსვავება დიდია, მათ უფრო მეტი პრივილეგია აქვს, ვიდრე ჩვენ. რადგანაც ჩვენ ერთი საბრალო პატარა საქართველოს შვილები ვართ, არც ჩვენს მიწაზე შეგვიძლია ყოფნა და არც აქ ვჭირდებით ვინმეს.
რაც ყველაზე მტკივნეულია, ქართველი ადამიანის გადაგვარებაა, ნუ გახდებით ასე უგულოები შენი თანამემამულის მიმართ, შეიბრალეთ ემიგრანტები, ისედაც მძიმე ტვირთს ვატარებთ უცხოობაში. ვისაც ეს შეგიძლიათ ქართულ სათვისტომოებს, ორგანიზიციებს, გთხოვთ,   ნუ გახდით მათ თქვენი სარგებლის ძირითად წყაროდ!…
– და ბოლოს…

„ახლა,  ჩემი სული როგორც სიფრიფანა, ყვითელი ფოთოლი სარეცხის  თოკზე კიდია   და მზეს  უშვერს დაღლილ მაჯებს. -,,ძალა მომეცი მზეო, ხვალ ჩემს მტკივან  სხეულს უნდა დავუბრუნდე!..  ჩემი ხელები ცეკვას გადაეჩვია, გაცრეცილი ზურგიდან დაჭრილი ფრთების ნაკვალევი ნახმლევივით ეტყობა.  ქალაქის მტვერი  შხამიანი  ქვიშის მარცვლებივით   თვალში ეყრება, დაღვრემილი ღრუბლები მოწყენით დაჰყურებენ მას და მერამდენედ აძლევენ ნუგეშს. იქნებ ჯობდა, სული გამოგეცვალა, ღმერთო!….   ადრე იის სურნელი ასდიოდა და თვალებშიც ის უცნაური სხივი მედგა, სიცოცხლეს რომ მაყვარებდა. ახლა კი,  ცარიელი,  მიტოვებული სახლივით ფარღალალა ჩემი  სული, წვიმას ნატრობს, ერთადერთ და  გულწრფელ მეგობარს,  რომელიც სველი თითებით შეიგრძნობს მის სინაზეს და ისე მიდის არასოდეს ტოვებს ნაკვალებს.  სულის მაგივრად ეკლიანი აბჯარი უნდა ავისხა,  ამ უხეშ სამყაროში უადგილოა ჩემი გულუბრყვილო  კაცთმოყვარეობა.
დახურეთ კარებები!….  მოდიან, მოდიან მძიმე ნაბიჯებით თვალში სისასტიკით, ყინულის ხიშტებით და ხელში მატყუარა მყვირალა ლოზუნგებით, რომ მერე სათითაოდ გაუსწორდნენ ჯერ კიდევ ადამიანადყოფილებს!..  -არ ენდოთ!..  არ ენდოთ!… არ ენდოთ!…  სიტყვებს – ,,თავისუფლება  სამოთხის  ჩიტებს!“ …
დღეს დილით ჩემი სული გავრეცხე, ეს ერთადერთი ძვირფასი სამოსი მაქვს და გევედრები,  ნუ შემიბილწავ სულთა  მეუფევ“!…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები