გიორგი შარაშიძე: გამჭვირვალობის მომხრე ვართ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ
,,გამჭვირვალობის მომხრე ვართ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ”,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიას გამჭვირვალობის პრობლემა არ ექნება და საჭირო დროს ინფორმაციას გაასაჯაროებენ.
„მათი საქმეა, ელჩი ვისგან იქირავებს ბინას. თუ არ ვცდები, ხაზარაძემ დაადასტურა, რომ მისი ოჯახის წევრისგან ჰქონდა ნაქირავები. ნამდვილად სასურველი იყო, ამისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა, რომ გითხრათ, ამაში განსაკუთრებული პრობლემაა, ასე არ ვფიქრობ. თავის შეკავება კი, აჯობებდა. გერმანიას ვერ ვაიძულებთ და ჭკუას ვერ ვასწავლით, როგორ მოიქცეს. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, ყოველთვის გამჭვირვალობის მომხრე ვართ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია. გერმანიას გამჭვირვალობის პრობლემა არ ექნება. როცა საჭირო იქნება, ინფორმაციას გაასაჯაროებენ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, გერმანიის მთავრობამ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო.
