გურამ მაჭარაშვილი – ევროპის საბჭოს მომხსენებლების მოწოდებაზე: გამოდის, რომ ევროპის საბჭოს ბიუროკრატიას უკვე წინასწარ აქვს ვერდიქტი გამოტანილი – არც წაუკითხავთ სარჩელი და არც იმ მტკიცებულებებზე საუბრობენ, რაც იქ არის
„გამოდის, რომ ევროპის საბჭოს ბიუროკრატიას უკვე წინასწარ აქვს ვერდიქტი გამოტანილი – არც წაუკითხავთ სარჩელი და არც იმ მტკიცებულებებზე საუბრობენ, რაც იქ არის,“- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ევროპის საბჭოს მომხსენებლების მოწოდებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩამოვიდნენ და იმ მრავალ ასეულ ადამიანს და ოჯახს გაესაუბრონ, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე იყო მოსული.
“დემოკრატიის “დიფ სთეითური” გაგება სწორედ ასეთია – დემოკრატია არის იქ, სადაც არის “დიფ სთეითი”. როგორ შეიძლება ახლა, “სტამბოლის კონვენცია”იქნება თუ ნებისმიერი ტიპის კონვენცია. სადაც ადამიანებს უფლება აქვთ, რომ სასამართლოს მიმართონ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობდეს როდესაც აწყობს “დიფ სთეითს” და არ მუშაობდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ აწყობს “დიფ სთეითს”. სასამართლოს რომ მიმართავს ადამიანი, ან მართალია ან მტყუანია. ამას სასამართლო გადაწყვეტს. წინასწარ რატომ საუბრობ იმასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება სწორია თუ არ არის სწორი. ანუ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს ბიუროკრატიას უკვე წინასწარ აქვს ვერდიქტი გამოტანილი. არც წაუკითხავთ სარჩელი, არც იმ მტკიცებულებებზე საუბრობენ, რაც იქ არის. ჩამოვიდნენ აქ და იმ მრავალ ასეულ ადამიანს და ოჯახს გაესაუბრონ, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე იყო მოსული და ისინი გაიგებენ, რა არის სამართლიანი და რა არ არის სამართლიანი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, თანამომხსენებლებმა ბერნდ ფორინგერმა და სტიუარტ დიკსონმა საქართველოს საკითხზე განცხადება გაავრცელეს.
ტექსტში წერია, რომ ისინი გმობენ გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
