მაკა ბოჭორიშვილი იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა კულტურის როლი ერების თვითმყოფადობის ჩამოყალიბებისა და ასევე სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებისა და გაერთიანების კუთხით. ყურადღება გაამახვილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საუკუნეების განმავლობაში საქართველომ შექმნა ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც კვლავაც შთააგონებს კაცობრიობას. ამავე დროს, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სტრატეგიულმა მდებარეობამ განაპირობა როგორ ქართული კულტურის მრავალფეროვნება, ასევე მისი უნიკალურობაც. „ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის არ ყოფილა მხოლოდ სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების დერეფანი — ის იყო დამაკავშირებელი ხიდი იდეებისთვის, ტრადიციებისა და ადამიანური ურთიერთობებისთვის. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ასახავს როგორც ჩვენს გამორჩეულ იდენტობას, ისე იმ მრავალფეროვნებას, რაც ჩვენი ერის არსს განსაზღვრავს” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდისა და ქართული მრავალხმიანობის მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებამ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ მყარად დაუმკვიდრა ადგილი მსოფლიო კულტურაში.

თავის გამოსვლაში მინისტრმა მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით იუნესკოს მისიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველომ კარგად იცის მშვიდობის ფასი, რადგან მან საკუთარ თავზე იწვნია კონფლიქტის შედეგები. „დღემდე საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, და ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები მოკლებულნი არიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, გადაადგილების თავისუფლებისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობას. ეს რეალობა ყველას გვახსენებს იუნესკოს მისიის მნიშვნელობას — უზრუნველყოს, განათლების, კულტურის და მემკვიდრეობის დაცვა ყველგან – გამონაკლისის გარეშე”. მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ რჩება მშვიდობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების – სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთგული. ამავე დროს მან დადებითად შეაფასა ოკუპირებულ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით იუნესკოს მიერ გაწეული ძალისხმევა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მდგრადი მშვიდობის საფუძველს – კულტურასთან და მეცნიერებასთან ერთად – განათლება წარმოადგენს. „საქართველოსთვის განათლება პროგრესისა და მედეგობის ქვაკუთხედია. ის აძლიერებს ადამიანებს, აერთიანებს საზოგადოებებს და უზრუნველყოფს, რომ მომავალ თაობას მემკვიდრეობით გადაეცეს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ისეთი ღირებულებები, როგორიცაა შემწყნარებლობა, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის დაგეგმილ რეფორმაზე.

„ჩვენ ვაფასებთ იუნესკოს ხელმძღვანელობის „განათლება 2030 წლისთვის” დღის წესრიგის განხორციელებას და ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას. საქართველო მზად არის კიდევ უფრო განამტკიცოს პარტნიორობა იუნესკოსთან და ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რათა განათლება კვლავაც წამყვან ძალად დარჩეს შესაძლებლობების, დიალოგისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად,” განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები