„საუკუნესთან მიახლოება მივულოცე“… – უხუცესი ქართველი ემიგრანტი მამია ზაქრაძე 98 წლისაა

 10 აპრილს, უხუცეს ქართველ ემიგრანტს, ბატონ მამია ზაქრაძეს 98 წელი შეუსრულდა. ამ ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჟურნალისტი და მკვლევარი ციცინო ჯერვალიძე ავრცელებს.

მამია ზაქრაძე და ციცინო ჯერვალიძე

„ბატონი მამია ქართველ ემიგრანტთა იმ თაობას ეკუთვნის, მეორე მსოფლიო ომის დროს ჯერ სიკვდილს, შემდეგ კი გერმანელთა საშინელ ტყვეობას გადარჩენილმა, ევროპიდან ამერიკას შეაფარა თავი და მშვიდ გარემოში თავიდან დაიწყო ცხოვრება. თუმცა მშვიდში კი?! მართალია, ამ თაობის ემიგრანტები ფიზიკურად გადარჩნენ, მაგრამ სულიერ ტკივილს ვერაფერი მოუხერხეს. სათქმელად ადვილია, მაგრამ წარმოდგენაც კი ჭირს, რა მძიმეა, როცა შენიანებს მკვდარი ჰგონიხარ, მკვდრებში მოგიხსენიებენ, შესანდობარს ამბობენ და სანთელსაც მკვდარს გინთებენ. შენ კი ამ დროს სადღაც, შორს გადაკარგულს, საოცრად გენატრებიან შენები, სიგიჟემდე გინდა მათი ამბის გაგება, მაგრამ ამისათვის არათუ რამეს აკეთებ, არც ცდილობ მათივე უსაფრთხოებისათვის.
ამიტომ მითხრა ბატონმა მამიამ ჩვენი პირველი ვრცელი ინტერვიუს დროს – სათქმელადაც კი ძნელია ის განცდები, ის ქარიშხალი, რაც ჩემს გულში ტრიალებდა. ისე მენატრებოდა ჩემი სახლი და ისე მენატრებოდნენ ჩემიანები, რომ ღამეები არ მეძინა. რამდენჯერმე კინაღამ გადავწყვიტე, ჩავბარდები- მეთქი, თუმცა კარგად ვიცოდი, რომ არათუ სახლამდე, საქართველოს საზღვრამდეც არავინ მიმიშვებდა. გერმანიაში ყოფნისას, ასე თუ ისე, ახლოს ვიყავი საქართველოსთან, მაგრამ როცა ჩემს ოჯახთან ერთად ამერიკისაკენ მიმავალ გემზე ავედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ წარსულთან საბოლოოდ გავწყვიტე კავშირი. ეს კი ნამდვილად არ იყო ადვილი.
ვუსმენ ხოლმე ბატონ მამიას და მეცოდებიან მისი მეგობრები, ადრეულად რომ წავიდნენ ამ ქვეყნიდან და მონატრების მძაფრი განცდა სამარეში ჩაიტანეს. ვერ მოესწრნენ საბჭოთა მარწუხების შერბილებას, დარჩენილებს ახლობლებთან დაკავშირების საშუალება რომ მისცა.
– რომ არა ერთი შემთხვევა, ჩემები ვერასოდეს გაიგებდნენ ჩემს ამბავს, – მიამბობს ბატონი მამია, – 1988 წელს ჩვენს მეგობარს მიშა რეხვიაშვილს საქართველოდან და ჩამოუვიდა. გავიხარეთ, დიდი დახვედრა მოვუწყვეთ. ჩემს ოჯახშიც მოვიპატიჟე. მითხრა – მომეცი შენების მისამართი, მოვძებნი და შენს ამბავს გავაგებინებო. მართალია, სსრკ-ამერიკას შორის ურთიერთობები თითქოს დათბა, საბჭოთა კავშირმაც თითქოს შეარბილა თავისი პოლიტიკა, მაგრამ კომუნისტებს მაინც არ ვენდობოდი, ამიტომ უარი ვუთხარი. მხოლოდ ის იცოდა, რომ სამტრედიიდან ვიყავი. საქართველოში დაბრუნებულმა ეტყობა, ვერ მოითმინა და თავისი ნათესავის საშუალებით, რომელიც იმ ხანად სამტრედიის მილიციის უფროსი იყო, ჩემებს ადვილად მიაგნო. ჩემი დიდი ოჯახიდან ას წელს მიტანებული დედა და ერთი ძმაღა იყვნენ დარჩენილები. მერე დედაჩემის ემოციური წერილი მივიღე:
– ერთ მშვენიერ დღეს, – მწერდა დედაჩემი, – ჭიშკარს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი მოადგაო. მის დანახვაზე კინაღამ გული გამისკდა, ვიფიქრე ხუთი შვილიდან ერთიღა დამრჩა და ამასაც იჭერენო, მაგრამ იმ გასახარელმა კარებშივე მომაძახა – ნუ გეშენია, ბებო, კარგი ამბავი მომაქვსო. სახლში შემოვიდა, გადამეხვია და ჩუმად მითხრა – გილოცავ, შენი შვილი, შენი მამია ცოცხალია და ამერიკაში ცხოვრობსო. შვილო, სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდიო.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დედაჩემი ავად გამხდარა. ჩემს ძმას ექიმი მოუყვანია, იმ სულელს ასაკი რომ გაუგია, მოურიდებლად უთქვამს – აბა, ბებო, რაღა გინდა, კი მოსულა შენი წასვლის დროო. გაბრაზებულ დედაჩემს უპასუხია – შენზე კარგად ვიცი, რომ ჩემი წასვლის დროა, მაგრამ არ მინდა ჩემი შვილის უნახავად მოვკვდეო… და ასე ვიპოვეთ ერთმანეთი…
…ეს არის ბატონ მამია ზაქრაძის უაღრესად საინტერესო ცხოვრების ერთი პატარა ეპიზოდი. ამდენი უბედურების გადამტანმა, აქამდე როგორ ვიცოცხლეო – იცის ხოლმე თქმა.
ორი წლის წინ, შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მძიმე ინსულტი გადაიტანა. გადარჩა…
დაბადების დღისათვის დავურეკე, გაუხარდა…
„, გაიცინა…
მოვიკითხე – როგორ ხართ- მეთქი. მიპასუხა – კარგად ვარ, სანამ საკუთარი თავის მოვლა შემიძლიაო. მართალია, სიარული მიჭირს, მაგრამ ეზოშიც გავდივარ, სადილსაც ვიკეთებ და… სახლსაც ვალაგებო“, – წერს ციცინო ჯერვალიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
გერმანელების ტყვეობიდან გათავისუფლებული მამია ზაქრაძე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 5 წელი ევროპაში ცხოვრობდა, ხოლო 1950 წლის საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც ქართულ სათვისტომოსთან აქტიურად თანამშრომლობდა.
ამერიკული ემიგრაციის წარმომადგენელმა სიკო სიდამონ-ერისთავმა მამია ზაქრაძე ქართული ემიგრაციის მიერ დაარსებულ კავკასიურ სახლ „ალავერდში“ მიიწვია. კავკასიურ საზოგადოებაში ქართველები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ოსები იყვნენ გაწევრიანებულნი.
„კავკასიური სახლის“ პრეზიდენტის სიკო სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შემდეგ „ალავერდის“ მოვლა-პატრონობა მთლიანად მამია ზაქრაძეს დაეკისრა.
მამია ზაქრაძე ემიგრაციის შემდეგ საქართველოში პირველად 1985 წელს ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები