დღეს წითელი პარასკევია
დღეს წითელი პარასკევია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გარდამოხსნის წესს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს. მსახურება 14:00 საათზე დაიწყება.
მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევლინება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.
გარდამოხსნას უწმინდესი, სასულიერო პირებთან ერთად, საკურთხევლიდან გამოაბრძანებს, მას ტაძარში სამჯერ შემოატარებენ და ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან, ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი – მხოლოდ პურსა და წყალს.