პენტაგონს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანის თაობაზე პუტინის სიტყვების არ სჯერა

ნატოს და აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან თავისი ჯარები გაიყვანა. ,,ჩვენ არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება, რომ უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის ჯარის პოზიციები შეიცვალა“, – აცხადებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი. ნატოს მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში საზღვართან 40 – ათასიანი რუსული ჯარი იმყოფებოდა. პენტაგონმა ასევე ვერ შენიშნა რეგიონში რუსეთის ჯარის დისლოკაციაში ვერავითარი ცვლილება. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ რუსეთმა ჯარი ისე გამოიყვანოს, რომ პენტაგონმა ეს ვერ შენიშნოს, ნატოს წარმომადგენელმა უპასუხა: ,,ჩვენ ამას აუცილებლად გავიგებდით“. ამერიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ: ,,ჩვენ უპირობოდ მივესალმებით რუსული ჯარის გამჭვირვალედ და სრულფასოვნად გამოყვანას საზღვრისპირა რეგიონიდან, თუმცა დღესდღეობით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ჯარის გამოყვანა განხორციელდა“.
გუშინ, ვლადიმერ პუტინმა, შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ,,ჩვენ სულ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ჯარები უკრაინის საზღვართან უსიამოვნებას იწვევენ, ჩვენ ისინი გავიყვანეთ და ჯარი უკრაინის საზღვართან აღარ არის, მათ პოლიგონებზე გადაინაცვლეს“. პუტინმა სრულფასოვანი დიალოგისკენ მოუწოდა კიევის დღევანდელ ხელისუფლებას და ჩრდილო აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლებს. მან რუსეთის ფედერალიზაციის მომხრეებს სთხოვა, რომ რეფერენდუმი 11 მაისის ნაცვლად უფრო მოგვიანებით გადაიტანონ, რათა ამისთვის საჭირო პირობები შეიქმნას. ამასთან, პუტინმა უკრაინაში, სიტუაციის არასასიამოვნო სცენარით განვითარების შემთხვევაში პასუხისმგებლობა კიევში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებს დააკისრა და მათ, უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში სადამსჯელო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები