საარჩევნო სიების სრულყოფისათვის საკანონმდებლო ცვლილებები გრძელდება

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის დახვეწას ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე თეა წულუკიანმა წარადგინა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საარჩევნო სიების დასახვეწად მნიშვნელოვანია, არსებობდეს გარდაცვლილი პირების სიიდან ამორიცხვის კიდევ უფრო მოქნილი მექანიზმი, რა მხრივაც დღეს მოქმედ კანონმდებლობას ხარვეზები აქვს.

„ჩვენ 5 წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული გარდაცვლილი ადამიანი აღმოვაჩინეთ საარჩევნო სიაში და ისინი ამოვრიცხეთ სიიდან.  რამდენიმე ათეული პირი ამოვრიცხეთ საარჩევნო სიიდან იმიტომ, რომ მათი გარდაცვალება მოხდა საქართველოს საზღვრებს გარეთ ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ საქართველოს საკონსულოებმა და ისინი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვენებისას აღირიცხნენ როგორც გარდაცვალებულნი. ამ მხრივ ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა საბაჟო სამსახურებთან, მაგრამ ეს არის მხოლოდ პრაქტიკა; დღეს კი დავამტკიცეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც სერვისების განვითარების სააგენტოს შესაძლებლობა ექნება, გადმოსვენების დროს ავტომატურ რეჟიმში აღირიცხოს გარდაცვალება და ასეთი პირები მოიხსნან საარჩევნო სიიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ასეთი პირების აღმოჩენა ჩვენ გვიწევდა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, კარდაკარ ვიზიტების გზით”, − აღნიშნა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

გარდაცვლილი პირების საარჩევნო სიიდან ამოღებისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2013 წლიდან ინტენსიურად მუშაობს. პროექტ „საარჩევნო სიის სრულყოფის”  ფარგლებში, გამოვლინდა გარდაცვალების 6 818  ფაქტი, განხორციელდა მათი რეგისტრაცია და შესაბამისი პირები ამოირიცხნენ საარჩევნო სიიდან. 2017 წელს სააგენტომ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა 2015-2017 წლებში საქართველოში გადმოსვენებულ პირთა შესახებ დოკუმენტაცია და დაარეგისტრირა საქართველოს 50 მოქალაქის  გარდაცვალების ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები