გერმანიის ელჩი: ახალი ინიციატივით საქართველოს მთავრობა სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას ამტკიცებს

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰაიკე ფაიჩი საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიესალმება.
ელჩი ჰაიკე ფაიჩის განცხადება საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ გაავრცელა.
„მივესალმები, რომ საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა ღონისძიებათა პაკეტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც იგი ახლა პარლამენტს წარუდგენს შემდგომი განხილვის მიზნით. ამით საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ამტკიცებს თავის სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას. როგორც იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც 40 წლის მანძილზე გაყოფილი იყო, მივესალმები და მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შემსუბუქებას“, – აცხადებს ელჩი და აღნიშნავს, რომ საელჩო ყურადღებით მიადევნებს თვალყურს აღნიშნული ღონისძიებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები