ნუკრი ქანთარია: გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება ნაჩქარევი და ემოციური იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია უკვე ყოფილი თანაპარტიელის გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას ემოციურს უწოდებს. თუმცა, ნაჩქარევად მიიჩნევს.
როგორც ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას ეთანხმება კიდეც.
ამასთან, ქანთარია განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევა პრინციპული საკითხი იყო.
“კაკაბაძის კანდიდატურა წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო შემოსული. იმის მიუხედავად, რომ მაშინ იყო კოალიცია, რომელშიც სხვადასხვა პარტიები ერთიანდებოდა, ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ და ხმა არ მივეცით. ჩავთვალეთ, რომ ეს ქალბატონი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობას სხვადასხვა მიზეზების გამო არ იმსახურებს – მათ შორის მისი დამოკიდებულებების გამო რელიგიის მიმართ და ასე შემდეგ. დღეს აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის ნაწილმა ხმა მისცა და ის ბორდის წევრი გახდა. გედევან ფოფხაძეს კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით პრინციპულად ვეთანხმები, მაგრამ მაინც მგონია, რომ მან უმრავლესობის დატოვება იჩქარა. როგორც ჩანს, ეს არის მისი ემოციური გადაწყვეტილება. ზოგადად, მომავალში გამორიცხული არაფერია – საჭიროა გუნდი პრინციპულ საკითხებზე ჩამოყალიბდეს, თუ ვინ სად დგას. ეს არ არის იმ ამომრჩევლის შეკვეთა, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა. ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის განწყობა და პოზიცია უნდა გავიზიაროთ, რადგან სწორედ მათ მოგვიყვანეს პარლამენტში და აბსოლუტურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება სხვა სახელს იძენს, რაც პერსპექტივისთვის კარგი არ არის“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისათვის, პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კაკაბაძე 55-ხმით აირჩიეს.
ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები