გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისის რკინიგზის ახალი პროექტი გაცილებით უფრო მასშტაბურია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისის აეროპორტთან მდებარე რკინიგზასთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ალტერნატიული პროექტის მიხედვით, დღევანდელი აეროპორტის ტრასიდან 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, აშენდება თანამედროვე, სარკინიგზო სადგური და მას აეროპორტთან გადახურული ესკალატორების სისტემა დააკავშირებს. „მე ცოტა გამაკვირვა აჟიოტაჟმა ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით. პარლამენტში გამოსვლისას მე ვახსენე, რომ არის პროექტის ორი ვერსია. წარმოდგენილი ალტერნატიული ვერსია გახლდათ არსებული რკინიგზის მარშრუტზე ახალი, თანამედროვე ძალიან ლამაზი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა. პირველადი ვერსიით, რკინიგზის ლიანდაგი უნდა მიგვეყვანა აეროპორტის წინ. ჩვენ შევთანხმდით და შევჯერდით ალტერნატიულ ვარიანტზე, რომლის მიხედვით, დღევანდელი აეროპორტის ტრასის გადაღმა, 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, აშენდება თანამედროვე, ულამაზესი სარკინიგზო სადგური და მას აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორების სისტემა“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ესკალატორების მარჯვნივ და მარცხნივ აშენდება ტურისტული ჰაბი, სადაც განთავსდება 2 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში და ასევე რკინიგზის სადგურში ჩამსვლელებს მოემსახურება.
„იქნება ასევე ტურისტების საორიენტაციო ცენტრი, საიდანაც უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისის ცენტრში განაწილდებიან ტურისტები. ეს პროექტი არის გაცილებით უფრო მასშტაბური, ვიდრე პირველადი, დაანონსებული პროექტი. ამიტომ, გარკვეული დრო დაიკავა ამის გადაპროექტებამ. 2019 წელს, უკვე მოდიფიცირებული სახით პროექტი დასრულდება და ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი, თავისი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროების ზონით, რომელიც იქნება გამანაწილებელი მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვის, რომლებიც მრავლად არიან ქუთაისის აეროპორტში და ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას შიდა ტურიზმისთვის გამოიყენებენ“-, აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები