ზვიად კვაჭანტირაძე: ბორდში ია მამალაძის კანდიდატად წარდგენა, ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ია მამალაძის წარდგენაზე წერს. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში კანდიდატად ია მამალაძის წარდგენა, ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება.
„ქართულ მედია სივრცეში იას ძალიან ბევრი იცნობს და არა მხოლოდ როგორც “გურია ნიუსის” დამფუძნებელს, არამედ, როგორც ჟურნალისტს, რომელმაც სახელი გაუთქვა რეგიონალური მედიის ასოციაციას. ია მამალაძის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოში დღეს რეგიონალური მედია სერიოზულ კონკურენციას უწევს უფრო დიდ, ნაციონალური მასშტაბის მედიასაშუალებებს. იას პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში ეჭვი არ მეპარებოდა არასდროს და ამისთვის იმ გასულ წლებშიც მითქვამს მისთვის მადლობა და ეს მას კარგად ახსოვს. ჩემი კოლეგებიც და მეგობრებიც ასევე კარგად იცნობენ იას, როგორც პოლიტიკურ ასევე ჟურნალისტურ წრეებში. ამიტომაც, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ძალიან პროდუქტიული იქნებოდა მისი ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში. ღიად ვაცხადებ, რომ მე მას კვლავაც დავუჭერდი მხარს. წარმატებები ია მამალაძეს!”, – წერს კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები