კახა კალაძე გენგეგმაზე: ორშაბათს ვაპირებთ, მივიღოთ გადაწყვეტილება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთად, “სითი ინსტიტუტის“ მიერ მომზადებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი განხილვის შემდეგ განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მერიის მხრიდანაა მისაღები. მისივე თქმით, როგორი შედეგი იქნება, ამას მერია ორშაბათს გადაწყვეტს, რომელსაც საზოგადოება მედიის საშუალებით გაიგებს.

“ორშაბათს ვაპირებთ, მივიღოთ გადაწყვეტილება გენგეგმასთან დაკავშირებით. თუ როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, საზოგადოება მედიის მეშვეობით გაიგებს. გადაწყვეტილება მისაღებია დედაქალაქის მერიის მხრიდან. უბრალოდ ვალდებული ვართ, ყველას გავაცნოთ დოკუმენტთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. “სითი ინსტიტუტსაც“ აქვს ვალდებულება საჯარო შეხვედრები გამართოს. ვიცი, რომ ისინი პარასკევს მართავენ შეხვედრას და მერიის მხრიდან აუცილებლად დავესწრებით. უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. გენგეგმის მიღება-არ მიღებით პასუხისმგებლობას იღებს დედაქალაქის მერია. მერიას 5 ეტაპი მიღებული აქვს. საკმაოდ მასშტაბური მასალაა, მოცულობითია. მე-6 ეტაპი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საბოლოო გენგეგმა, არის ხარვეზები ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან მიცემული იყო ყველანაირი შესაძლებლობა და ყველანაირი ვადა იმისა, რომ გამოესწორებინათ, დღესაც არსებობს ხარვეზები“, – განაცხადა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გამართულ შეხვედრაში პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების“ დეპუტატები მონაწილეობდნენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები