“საქართველოს ფოსტის” და “ლატარიის კომპანიის” ხელმძღვანელის შვილებს, ბებია სოლიდურ „დოლარებს” ჩუქნის
ლევან ჩიკვაიძის შვილებს, რომელიც ერთდროულად შპს „საქართველოს ფოსტის“; შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიისა“ და შპს „ექსპრესის“ ხელმძღვანელია და მისი შემოსავალი წელიწადში 160 000 -ს ლარზე მეტია, ბებია რამდენიმე ათას აშშ დოლარს ჩუქნის.
ლევან ჩიკვაიძის ქონებრივი დეკლარაციიდან, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ირკვევა, რომ „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელის შვილებს, ტრადიციულად, ბებია რამდენიმე ათას აშშ დოლარს ჩუქნის.
შვილიშვილებისთვის, ბებიას ტრადიციული საჩუქარი შარშანდელთან შედარებით წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2018 წლის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ ბებიამ უფროს შვილიშვილს 14 000 აშშ დოლარი აჩუქა, ხოლო უმცროსს 5000 აშშ დოლარი.
შარშან, ბებიამ საკუთარი „შემოსავალი“ ორივეს თანაბრად გაუნაწილა და 5000-5000 აშშ დოლარი „დაურიგა“. აღსანიშნავია, რომ ბებიის ფულადი საჩუქარი შვილიშვილებისთვის, ჩიკვაიძეების ოჯახში ბოლო ორი წელია მოქმდებს.
ამ დროს, ლევან ჩიკვაიძე შვილების განათლებისთვის სოლიდურ თანხებს აბანდებს. 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ჩიკვაიძეს შვილების განათლება, წინა წლებთან შედარებით, უფრო ძვირი უჯდება.
კერძოდ, უფროსი შვილის სწავლის საფასური 9900 ევროს გაუტოლდა, ხოლო უმცროსის 3750 ევროს.
შარშან, „საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა შვილების განათლებაში წელიწადში 7500 ევრო გადაიხადა.
თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ლევან ჩიკვაიძის შემოსავალიც.
2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ლევან ჩიკვაიძემ შპს „საქართველოს ფოსტიდან“ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიიდან“ და შპს „ექსპრესიდან“, ჯამში 160 000 ლარი მიიღო. თუმცა, ეს თანხა, შარშანდელთან შედარებით, ოდნავ ნაკლებია.
2017 წლის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ ამ სამი კომპანიიდან ლევან ჩიკვაიძემ შარშან 179 000 ლარი მიიღო.
იგი ამავდროულად შპს „ელ სი კომპანიის“ თანაპარტნიორია, თუმცა შემოსავალი “არ აქვს“. მისი მეუღლე ნინო მაჭარაშვილი შპს „რუსთავი პურის“ პარნიორია. შემოსავალს არც ნინო მაჭარაშვილი უთითებს.
ამასთანავე, ლევან ჩიკვაიძე სხვადასხვა ბანკში ფულად დივიდენდებს ფლობს.
გარდა ამისა, 34 000 ლარის ღირებულების მსუბუქი ავტომანქანა „Hyundai 2011“ უფროს შვილზე ნ. ჩ-ზე აქვს გაფორმებული, რომელიც ამჟამად არასრულწლოვანია და იგი 19 წლის ნოემბერში გახდება. მის სახელზეა გაფორმებული აგრეთვე ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, რომელსაც საცხოვრებელი სახლი მემკვიდრეობით გადაეცა. ხოლო ამავე მისამართზე მითითებული ავტოფარეხი ლევან ჩიკვაიძის მეუღლეზე ნინო მაჭარაშვილზეა გაფორმებული.
ცნობისათვის, „ამომრჩეველთა ლიგის“ ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძე სამივე კომპანიაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა და სამივე კომპანიის წილებს სახელმწიფო ფლობს.
მისი შემოსავალი, წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა.