მარია გაბრიელი ვიზალიბერალიზაციაზე: ამაყი ვარ, საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხთან ერთად

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ეს იყო მკაფიო ნიშანი, რომ საქართველო ევროკავშირის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, – ამის შესახებ პირველ არხს ციფრული ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, მარია გაბრიელმა განუცხადა.

„საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ძლიერი სიგნალი იყო საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ეს იყო მკაფიო ნიშანი, რომ საქართველო ევროკავშირის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, სტრატეგიული პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, იმ მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, რასაც საერთო უსაფრთხოების გაძლიერება და გაძლიერების საკითხში წვლილის შეტანა ჰქვია“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია საქართველოსა და ქართველი ხალხის მონდომება, რათა ქვეყანას უვიზო მიმოსვლა მიეღო.

„მისასალმებელია ის ინსტიტუციური, კომპლექსური რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში გატარდა. ამ პროცესმა აჩვენა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, ქართველი ხალხის სურვილი და ერთგულება იმ ღირებულებების მიმართ, რომლითაც ქვეყანა მიიწევს ევროკავშირისკენ. ეს ღირებულებებია დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური ღირებულებები“, – განაცხადა მარია გაბრიელმა.

ევროკომისრის განცხადებით, საქართველოში გატარებული რეფორმების მთავარი ბენეფიციარი ქვეყნის მოსახლეობაა.

„ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს ამ მიღწევით. უვიზო მიმოსვლას აქვს ძალა, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შორის იყოს ხიდი. დღეს საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ. ეს ხალხთა შორის კონტაქტს აძლიერებს. ეს არის სარგებელი საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ეს ხელს უწყობს კულტურული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას. ეს არის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირი და პოზიტიური გავლენა. კავშირების გაღრმავებას და გაძლიერებას შეუძლია ახალი შესაძლებლობები შექმნას საზოგადოებისთვის და ბიზნესის განვითარებისთვის“, – აღნიშნა მარია გაბრიელმა.

ამასთან, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებასთან და ხალხთან ერთად მიღწეული წარმატებით ამაყობს.

„მე, როგორც საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, მქონდა პატივი და პრივილეგია, ვყოფილიყავი მომსწრე იმის, თუ როგორი მიზანდასახული იყო ქართველი ხალხი. მინდა, დღეს ჩემი აღტაცება გამოვხატო. მე ვარ ამაყი, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად, შევძელით ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. ვიზალიბერალიზაცია არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირის დასაახლოებლად და უფრო მყარი ურთიერთობისთვის. ევროკავშირი ხსნის თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს“, – განაცხადა ევროკომისარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები