“ბავშვები ნახევრად მშივრები არიან, მამა ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება, ახალგაზრდა დედა კი – სასოწარკვეთამ მოიცვა”

ყოველი ახალი დღე გოგოხიების ოჯახისთვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს. ეს არის თავგანწირული ბრძოლა სიცოცხლისთვის!

ბავშვები ნახევრად მშივრები არიან, მამა ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება, ახალგაზრდა დედა კი – სასოწარკვეთამ მოიცვა.

სოფიო და ბადრი აფხაზეთიდან დევნილები არიან. ერთმანეთი სწორედ დევნილობაში, ზუგდიდში, გაიცნეს. ძალიან უნდოდათ დიდი და ლამაზი ოჯახი შეექმნათ და შეუდგნენ ოცნების განხორციელებას. 11 წელი შრომაში, სიყვარულსა და ბავშვებზე ზრუნვაში გაატარეს, თუმცა განგება მათ მწარე ხვედრს უმზადებდა…

ერთ უბედურ დღეს, ბავშვებთან სეირნობისას, ბადრი ცუდად გახდა, გონება დაკარგა და ძირს დაეცა. ექიმებმა მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – თავის ტვინის ანევრიზმის გახეთქვა. მედიკოსები დიდხანს იბრძოდნენ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად. ოპერაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა, მისი მდგომარეობა თითქოს გაუმჯობესდა, მაგრამ გამოჯანმრთელების შანსი მაინც მიზერული იყო, რადგან კომიდან ვერა და ვერ გამოდიოდა.

„მე და ჩემი შვილები ვლოცულობდით, ღმერთს ვევედრებოდით, რომ ბადრის ეცოცხლა. ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და  მის გარეშე მათ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. შვილების ლოცვა ღმერთმა შეისმინა და ბადრი გადარჩა. ერთი თვის შემდეგ გონს მოვიდა…თუმცა ლაპარაკი ვერ შეძლო და ვერც ვერავის სცნობდა“, – ამბობს სოფიო.

სოფომ ყველაფერი გაყიდა, რაც კი გააჩნდათ და ბადრი თბილისში წაიყვანა სამკურნალოდ და სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად. ბავშვები ვერავის დაუტოვა და… ასე აღმოჩნდა გოგოხიების ოჯახი თბილისში, ნაქირავებ ბინაში. თავდაპირველად, ლტოვილთა და განსახლების სამინისტრო იხდიდა ბინის ქირას, თუმცა სოფიოს თქმით, მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ბოლო დროს ამ ტიპის დახმარება შეუჩერდათ.

შეუძლებელია ამ ოჯახის შემხედვარე გულგრილი დარჩე, განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ნახევრად მშიერ ბავშვებს უყურებ, რომლებიც მოკლებულნი არიან ყველაფერს – ნორმალურ კვებას, სათამაშოებს, ტანსაცმელს…

სახლის გაყიდვის შედეგად აღებული თანხა ბადრის მკურნალობასა და ძვირადღირებულ მედიკამენტებში დაიხარჯა, სოციალური შემწეობა კი მხოლოდ ერთვი კვირა ჰყოფნით… კიდევ კარგი, რომ მეზობლად ძალიან კეთილი ქალი ცხოვრობს და საკუთარ ლუკმა-პურს უნაწილებს…

მეგობრებო, 11 წლის ონისე, 9 წლის ნინი, 7 წლის ილია და 10 თვის ბაადური თქვენი დახმარების მოლოდინში არიან! გოგოხიების ოჯახი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, განსაკუთრებით საფენებს პატარა ბაადურისთვის.

მოდით, არ დავტოვოთ ეს ბავშვები თანადგომისა და ყურადღების გარეშე, გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი და ავარიდოთ შიმშილს! თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მათ,  თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გოგოხიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ საიტიდან:

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები