მოწმე: ვალერი გელაშვილის ცემაში მონაწილე სპეცრაზმელებს 500-500 დოლარი გადასცეს

„რაციაზე გვითხრეს, რომ ვერცხლისფერი „ემ-ელ“-ით მიდიოდა ობიექტი, წინ იჯდა მძღოლი და დაცვა, შუქნიშანთან „ემ-ელი“ გაჩერდა, ერთი მანქანა წინ დაუდგა და მეორე უკან, გადმოვედით, გვეკეთა ნიღბები, მხრებზე ავტომატები და ხელში გლოკი გვეჭირა, გადმოვაგდეთ დაცვა და მძღოლი მანქანაში, მეორე ჯგუფმა გადმოათრია მძღოლი და ობიექტი. მერე გაირკვა, რომ ვალერი გელაშვილი იყო ეს, ის წინააღმდეგობას გვიწევდა და დაუწყეს ცემა. მას სცემდნენ გზაზე, ავტომობილების სავალ ნაწილზე, წავიღეთ მისი ჩანთა და ეს ჩანთა შეიტანეს მოდულის შენობაში“, – ამის შესახებ სპეცრაზმელის ჩვენებაშია ნათქვამი, რომელიც ვალერი გელაშვილის ცემაში ღებულობდა მონაწილეობას. მოწმე, მამუკა ცინარიძის ჩვენება, ვალერი გელაშვილის ცემის საქმის სასამართლო განხილვაზე გასაჯაროვდა. იგი პროცესზე არ გამოცხადდა, რადგან პროკურორის ინფორმაციით, ცინარიძე საქართველოში არ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მას ეს ჩვენება გამოძიებისთვის 2014 წელს აქვს მიცემული.

როგორც სპეცრაზმელის ჩვენებაშია აღნიშნული, ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელებს 500-500 დოლარი გადასცეს. მამუკა ცინარიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ ოპერაციას უშუალოდ ალექსანდრე ნაჭყებია ხელმძღვანელობდა და ბრძანებებსაც ის გასცემდა.

„მერე ჩვენ შევედით მოდულის შენობაში, ოთახში დაგვხვდა ერეკლე კოდუა და რამდენიმე პირი, მაგიდაზე იდო რამდენიმე შეკვრა აშშ დოლარი. მან მადლობა გადაგვიხადა და გადმოგვცა თემა, შეგვხვდა 500 $. ოპერაციის ჩატარებისას ვალერი გელაშვილს, მძღოლს და დაცვას მივაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა, არ გამოგვიყენებია იარაღი. ჩვენი დანაყოფი გადაადგილდებოდა ორი მსუბუქი ავტომობილით. ოპერაციას ალექსანდრე ნაჭყებია ხელმძღვანელობდა. რადგან ერეკლე კოდუა შეგვხვდა და თანხა გადმოგვცა, ჩემი ვარაუდია, რომ ნაჭყებიას დავალებას ერეკლე კოდუა აძლევდა. ჩვენ გვეცვა სამოქალაქო ტანსაცმელი და ვერავინ მიხვდებოდა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ვიყავით. მსგავსი სახის ოპერაცია არასდროს ჩაგვიტარებია. ჩანთის გარდა, სხვა ნივთები ადგილიდან არ წამოგვიღია. მე არ ვიცი, როგორ მოხდა დავალებაზე მყოფი ხალხის არჩევა. მობილურ ტელეფონებს არ ვიყენებდით, ვიყენებდით მხოლოდ რაციას. ჩემი ვარაუდით, ჩვენი მანქანის მძღოლი იყო შსს-ს თანამშრომელი, რადგან მანქანას მართავდა კარგად და იყო ოპერაციის მონაწილე“, – აღნიშნულია სპეცრაზმელის ჩვენებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები