თემურ უკლება: 7 წლის მანძილზე, საქართველოში, დოპინგის გამო 40 სპორტსმენი „ჩავარდა“

ანტიდოპინგური ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თემურ უკლებამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციზე, საქართველოში სპორტსმენების მხრიდან, დოპინგის გამოყენების მხრივ, საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
თემურ უკლებას თქმით, ბოლო 7 წლის განმავლობაში, საქართველოში, დოპინგის გამო, სულ 40 სპორტსმენი „ჩავარდა“.
მისი თქმით, ორგანიზმში აღმოჩენილი აკრძალული ნივთიერებების მხრივ, მსოფლიოში ბოდიბილდერები, საქართველოში კი უფრო ძალისმიერი სპორტის სახეობების წარმომადგენლები ლიდერობენ.
„ჩვენთან, საქართველოში გადანაწილებულია სხვადასხვა სახეობებზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალისმიერი სპორტის სახეობებში უფროა გავრცელებული, რომელიც ჩვენთან პრიორიტეტული და უფრო მეტად განვითარებულია. ჩვენთან, ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, შედეგიანი სპორტის სახეობებია – მათი შემოწმება უფრო ინტესნიურად ხდება, შესაბამისად, მათი გამოვლენაც უფრო ხდება შედარებით, ვიდრე სხვა სპორტის სახეობების სპორტსმენებს შორის“,- განაცხადა თემურ უკლებამ.
როგორც ანტიდოპინგური ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, დოპინგის გამოყენება მამაკაცებში იმპოტენციასა და უშვილობას იწვევს, ხოლო ქალბატონებში მამაკაცური ნიშნების განვითარებას.
„დოპინგი ასევე იწვევს დამოკიდებულებას. როდესაც კუნთი ზედმეტად ვითარდება და მას არ მოყვება ძვლისა და მყესების განვითარება ისე, როგორც საჭიროა, სპორტსმენებში ტრავმიანობა იმატებს, ანუ იმ განვითარებულ კუნთს შესაბამისი მყესი და ძვალი არ აქვს. გარდა ამისა, სპორტსმენი კარგავს მოქნილობას“,- აღნიშნა უკლებამ და დასძინა, რომ ძირითად შემთხვევებში, სპორტსმენები ამის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან.
თემურ უკლებამ სპორტის შესახებ კანონზეც ისაუბრა და იმ რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი აზრით, აუცილებელია, რომ კანონში შევიდეს.
„როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ანტიდოპინგურ კანონმდებლობას იღებენ, მასთან ერთად იღებენ კანონმდებლობას ამ აკრძალული პრეპარატების ტრეფიკინგის შესახებ. ჩვენთან, ჩვენს ახალ კანონში სპორტის შესახებ, არ არის გათვალსიწინებული ის შეზღუდვები, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ დავუწესოთ სხვადასხვა პრეპარატების შემოტანას საქართველოში. გვინდა რეგულაციას ექვემდებარებოდეს და შევიდეს სპეციალურ სამედიცინო სიაში.
ანდროგენური-ანაბოლური სტეროიდები არის ის პრეპარატები, რომლებიც არის მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის ანალოგი. ანაბოლური ეფექტი ნიშნავს იმას, რომ ისინი ზრდიან კუნთურ მასას, ანდროგენური ნიშნავს, რომ ისინი მამაკაცურ ნიშნებს განავითარებენ ორგანიზმში. და რადგან აქვს ანაბოლური ეფექტი, ამიტომ ეს ანაბოლური ეფექტის გამო, იყენებენ სხვადასხვა სპორტსმენები, რომ კუნთური მასა გაეზაროთ, ანუ გამძლეობა მოემატოთ. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ამ პრეპარატებზე რეგულაცია დაწესდეს“, – განაცხადა თემურ უკლებამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები