ვატო შაქარიშვილი: მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისთვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი
მე ვთხოვ საზოგადოებას გაცხარება მომიტევოს,- ეს განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა დღეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვის დროს მომხდარ ინციდენტზე გააკეთა.
მისი თქმით, ოპოზიციამ კონსტრუქციული, პროფესიული საჯარო განხილვის შეთავაზებაზე არაადეკვატური შემხვედრი ნაბიჯი გადმოდგა.
.„მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისათვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა იყოს საერთო კონსენსუსის და შეთანხმების დოკუმენტი. ოპოზიციის მხრიდან კი იყო გაყოფის და დაპირისპირების მცდელობა,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ოპოზიციას ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება და დაესვა კითხვები გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით.
„ამის ნაცვლად კი, მათ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს საქმიანი განხილვა და წარმოდგენის გამართვა სცადეს. სწორედ ამაზე მქონდა რეაქცია, რაც რომელიმე კონკრეტული პირის მისამართით არ იყო მიმართული,“- აღნიშნა ვახტანგ შაქარიშვილმა.
სასტუმრო „ბილტმორში“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
დაპირისპირება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს, ვატო შაქარიშვილსა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის მოხდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა თბილისის მერია გააკრიტიკა.
საპასუხოდ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „არ მისცემს მათ საშუალებას, პოლიტიკური პოპულიზმი აწარმოონ“.