ირაკლი კობახიძე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ჰონ ბალეკა მბეტესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს. ირაკლი კობახიძემ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მხარეს, რეგიონში არსებული ვითარება გააცნო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰონ ბალეკა მბეტეს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.
სამხრეთ აფრიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საქართველო-სამხრეთ აფრიკის მეგობრული კავშირების განმტკიცების პროცესში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული ასამბლეის მზაობა დაადასტურა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.