კახა კალაძე გენგეგმის შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს: ისინი საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საქმეში
ისინი საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საქმეში. ეს არის პროფესიონალების განსახილველი, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებას, რომ მერია მიწათსარგებლობის გენგეგმის დოკუმენტის დამტკიცებას აჭიანურებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ეს დოკუმენტი იყოს კვალიფიციური, სწორი როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია.
„ამას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, იმიტომ ვგეგმავთ ამ შეხვედრებს, რომ რაც შეიძლება ბევრი ექსპერტი, ბევრი გამოცდილი ადამიანი, დარგის სპეციალისტი ჩაერთოს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვინც ჩემი ოპონენტები იყვნენ, მაგრამ ისინი საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საქმეში. ეს არის პროფესიონალების განსახილველი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
სასტუმრო „ბილტმორში“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
დაპირისპირება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს, ვატო შაქარიშვილსა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის მოხდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა თბილისის მერია გააკრიტიკა.
საპასუხოდ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „არ მისცემს მათ საშუალებას, პოლიტიკური პოპულიზმი აწარმოონ“.