აგარის შაქრის კომპანიის ადმინისტრაცია ყოფილ თანამშრომლებს მოლაპარაკების ფორმატის შეცვლას სთავაზობს
„მე გთავაზობთ, რომ ქუჩის აქციები გადავიტანოთ კაბინეტში; დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი“ – ამის შესახებ აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ გადაცემა „რეალურ სივცეში“ განაცხადა და ყოფილ თანამშრომლებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
ამასთან, აგარის შაქრის კომპანიის ადმინისტრაცია ქარხნის ყოფილ თანამშრომლებს მოლაპარაკების ფორმატის შეცვლას სთავაზობს.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „რეალურ სივრცეში“ ნიკოლოზ ნათბილაძემ განაცხადა, კომპანიის ხელმძღვანელობასა და ყოფილ თანამშრომლებს საერთო ინტერესი და პრობლემა აქვთ.
მისივე თქმით, პრობლემების მოგვარება არა რადიკალური მეთოდებით, არამედ მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის გზით უნდა მოგვარდეს.
მისი მტკიცებით, აგარის შაქრის კომპანიის ერთადერთი ინტერესია ამუშავდეს ქარხანა და მზად არის, ინვესტიცია კიდევ განახორციელოს:
„ჩვენ მზად ვართ ინვესტიციებისთვის, იმისთვის, რომ ისევ შევიძინოთ ნედლეული, როდესაც დასტაბილურდება ეს ფასთა სხვაობა ევროპულ შაქარსა და ნედლეულს შორის. ჩვენი კარი არ არის არასოდეს დაკეტილი და ღია მოლაპარაკებებისთვის ვართ მზად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისევ ერთად ვიმუშავებთ, გავხსნით ქარხანას. მილიონობით ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული ამ ქარხანაში და არავინ არ აპირებს, დახუროს და სამუდამოდ დააკონსერვოს. მე გთავაზობთ, რომ ქუჩის აქციები გადავიტანოთ კაბინეტში; დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. შემოიყვანეთ ექსპერტები, პროცესი იყოს ომბუდსმენის მონიტორინგის ქვეშ. თუნდაც, არასამთავრობოები ჩაერთონ და მათი მეშვეობით ხდებოდეს მოლაპარაკება. ვანახოთ მოსახლეობას, რომ იგივე პრობლემა, რაც თქვენ გაქვთ, ეს არის ჩვენი პრობლემა,“ – აცხადებს ნათბილაძე.
გადაცემა „რეალურ სივრცეში“ აგარის შაქრის კომპანიის წარმომადგენელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია შაქრის ქარხნის ბიტკოინებით ჩანაცვლების შესახებ.
მისი განმარტებით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებდა არენდატორთან. იგეგმებოდა მიწის გაქირავება დაცულ ტერიტორიაზე ელექტრო ენერგიის წვდომით, რომელიც ქარხნის ამუშავების პროცესს არაფრით ხელს არ უშლიდა.
თუმცა, მისი მტკიცებით, ეს ქარხნის ნაცვლად კრიპტოვალურის წარმოებას არ გულისხმობდა.
ნიკოლოზ ნათბილაძის განცხადებით, საბოლოოდ მოლაპარაკება არ შედგა.