ვახტანგ მაისაია: არჩილ ტატუნაშვილის მხეცური მკვლელობა საშიში პროვოკაციის გამოვლენა და გამოწვევა იყო საქართველოს წინააღმდეგ

“რუსული მხარის ინტერესში არ არის, რომ ჟენევის ფორმატი გადააქციოს იმ მოლაპარაკებების პლატფორმად, რომელზეც ჩვენი ხელისუფლება ამყარებდა იმედებს. დღეს რუსეთს ურჩევნია გველაპარაკოს მუქარისა და დაშინების ენით, ვიდრე ასე გაფართოებული მოლაპარაკების ფორმატით”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ მაისაიამ პორტალ “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟენევის ფორმატზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის მხეცური მკვლელობა საშიში პროვოკაციის გამოვლენა და გამოწვევა იყო საქართველოს წინააღმდეგ. როგორც მან აღნიშნა, ახალი მოლაპარაკების ფორმატზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც აგრესიულ რუსეთს შეაკავებს.
“დიდი მოლოდინი ჟენევის ფორმატთან მაინცდამაინც არ მაქვს. ისინი ახლა ელოდებიან დაგვიჭირონ ისეთ ქმედებაზე, რომ გამოიყენოს იმ სარჩელით, როგორც ეს იყო აგვისტოს ომის დროს. თუნდაც არჩილ ტატუნაშვილის მხეცური მკვლელობა იყო ასეთი საშიში პროვოკაციის გამოვლენა და გამოწვევა საქართველოს წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ასეთ საშიშ ხაფანგებს კიდევ უნდა ველოდოთ მათგან, რადგან რუსეთი გაავებულია. პუტინი საკუთარ მოქალაქეებს არ ინდობს და სხვას როგორ მოეპყრობა. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ ახალი ტიპის ფრონტის შექმნაზე, რომელიც აგრესიულ რუსეთს შეაკავებს. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ევროკავშირშიც არ გამოჩნდა ერთიანობა თუკი, მაგალითად, ბრიტანეთის ტრაგიკული ამბავის მიმართ სოლიდარული აღმოჩნდა 14 ევროკავშირის სახელმწიფო, დანარჩენმა წევრებმა დუმილი არჩიეს”, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
პოლიტოლოგი ამერიკის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დაფინანსება შეუწყდება იმ ქვეყნებს, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებს. ვახტანგ მაისაიას შეფასებით, აშშ თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს და ამ გადაწყვეტილებით ცდილობს, რუსული აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ გაანეიტრალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები