ირაკლი კობახიძე მაროკოს სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ჟენევაში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა მაროკოს სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან, აბდელაზიზ ომართან გამართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,  მაროკოს სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მდებარეობა და არსებული ბიზნესგარემო ხელსაყრელს ხდის ყველა ქვეყნისთვის, საქართველოში აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა.

წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების როლზე ისაუბრეს.

მაროკოს სამეფოს დელეგაციის მხრიდან, გაცვლითი ვიზიტების სურვილი გამოითქვა. მხარეები ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მაროკოს სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი „ღია მმართველობის პარტნიორობის” ყოველწლიურ სამიტზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის  17-19 ივლისს, თბილისში გაიმართება.

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 მარტს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები