ვახტანგ მაისაია: რუსეთი ჰიბრიდული ომის ელემენტებს იყენებს დასავლეთის და მისი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ
პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გამოძევების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, რუსეთმა ეს ხალხი დივერსიული საქმიანობის განსახორციელებლად გამოიყენა. მისივე თქმით, პუტინმა დაარღვია თამაშის წესები და ლეგალური რეზიდენტურები გადააქცია სპეცორერაციების განმახორციელებელ სტრუქტურებად.
“რუსი დიპლომატები სხვდასხვა ქვეყნებში ლეგალური დაცვის ხაზით იყვნენ მივლინებულები, რომლებიც რუსეთმა დივერსიული საქმიანობის განსახორციელებლად გამოიყენა. ისინი უკვე ახორციელებენ სპეცოპერაციებს, რომლის ერთ-ერთი ნიმუში პოლკოვნიკ სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა იყო, რომელსაც კიდევ 30 ბრიტანეთის მოქალაქის მოწამვლაც დაემატა. ფაქტობრივად, ქიმიური შეტევის იმიტაცია მოხდა. ბუნებრივია, ამას მოჰყვა ევროპიდან და ამერიკიდან რუსი დიპლომატების გაძევება, თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ თავზე გამოვცადეთ რუსეთის ცინიკური დამოკიდებულება, არჩილ ტატუნაშვილის ფაქტთან დაკავშირებით. ანალოგიური ქმედებებით ეს ქვეყანა გადავიდა ევროპის ქვეყნებზეც. რუსეთი ჰიბრიდული ომის ელემენტებს იყენებს დასავლეთის და მისი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ. მან დაარღვია თამაშის წესები და ლეგალური რეზიდენტურები გადააქცია სპეცოპერაციების განმახორციელებელ სტრუქტურებად. პუტინისთვის რუსი დიპლომატების გაძევება შეიძლება მომგებიანი იყოს, რომ წარმოაჩინოს, თითქოსდა, ის ალყაშემორტყმულია მტრებით”, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ცივ ომზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალი ცივი ომი ჯერ კიდევ 2014 წელს ყირიმის მოვლენებით დაიწყო, რაც სკრიპალის ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისივე თქმით, დღესდღეობით დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის დონე მინიმუმადეა დაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, პარკში, სკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მსოფლიოს წამყვანმა ექსპერტებმა პორტონ დაუნის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეცნიერო და ტექნოლოგიების ლაბორატორიიდან დაადასტურეს, რომ მათი მოწამვლა რუსეთში შემუშავებული სამხედრო კლასის პარალეპტიკური ნივთიერებით, სახელწოდებით “ნოვიჩოკი” მოხდა.