“მოზაიკაში” მომხდარიდან სამი კვირა გავიდა – გამოძიებას ეჭვმიტანილი არ ჰყავს, დირექტორს კი მოსწავლე არ უნახავს
აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „მოზაიკის“ შენობაში მომხდარი შემთხვევიდან თითქმის სამი კვირა გავიდა.
7 წლის ბიჭი, რომელიც მე-5 სართულიდან მე-4 სართულზე ჩავარდა, ამ დრომდე სასწავლო პროცესს არ ესწრება და მკურნალობას სახლში აგრძელებს.
როგორც „კვირას“ 61 -ე საჯარო სკოლის დირექტორმა შორენა ღუდუშაურმა განუცხადა, მოზარდი უკვე თავს კარგად გრძნობს და სახლში მკურნალობს. თუმცა, სკოლის დირექტორს შორენა ღუდუშაურს, სამი კვირის განმავლობაში, მოსწავლე პირადად არ უნახავს.
„პირადად მე ბავშვი არ მინახავს, რაღაც უხერხულობის შეგრძნებაც მაქვს. თან, ბავშვი საავადმყოფოში იწვა და შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებს. დამრიგებელმა ინახულა. მშობელთან კონტაქტი მაქვს და მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვკითხულობ“ ,- აღნიშნა შორენა ღუდუშაურმა.
მომხდარი ფაქტიდან, სამი კვირის განმავლობაში, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის სამართლამცველებმა ბიზნესცენტრ „მოზაიკის“დირექტორი და თანამშრომლები დაკითხა. თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე მომხდარი შემთხვევის გამო არავინ დაუკავებია.
როგორც „კვირას“ ბიზნესცენტრ „მოზაიკის“ დირექტორმა ნოდარ გიორგაძემ განუცხადა, 7 წლის მოზარდის მკურნალობის ხარჯებს თავად იხდის.
მისივე თქმით, ხვალ, 28 მარტს, 61 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეს, გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფილაქტიკის მიზნით მიიყვანენ.
„ხვალ კლინიკაში მიგვყავს, მკურნალ ექიმთან არის ბავშვი დაბარებული. უნდა შემოწმდეს, ვარდნისას წარმოშობილი ჰემატომის მდგომარეობა. ხვალ გადაწყდება, როდის შეძლებს ბავშვი სწავლის პროცესის გაგრძელებას. მშობლებთან კონტაქტი მაქვს. მთავარია, ბავშვი კარგად არის, ჩემთვის ეს არის მთავარი. რაც შეეხება მოზარდის მკურნალობის ხარჯებს, ფინანსებს მთლიანად ჩვენ უზრუნველვყოფთ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ბიზნესცენტრ „მოზაიკის“ დირექტორმა ნოდარ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, შს სამინისტროს ცნობით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ “მოზაიკაში” მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც, ფოიეში მყოფი 7 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან ჩავარდა მე-4 სართულზე. იმავე დღეს, მოზარდი გ.ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. მას ვარდნის შედეგად მარჯვენა წარბთან ნახეთქი ჭრილობა, სახის მარჯვენა მხარეს დაზიანებები და მარცხენა ხელის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ღვიძლზე კი ჰემატომა განუვითარდა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით.
იზა შაქარაშვილი