“საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 250 ათასჯერ ისარგებლეს”

საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 250 ათასჯერ ისარგებლეს.
შესაბამისი განცხადება ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, იმ მონაპოვარს, რასაც შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქვია, გაფრთხილება სჭირდება.
„ერთი წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ძალისხმევა გავწიოთ, რათა არ მოხდეს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება. გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ უვიზო რეჟიმს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა. ეს იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირის მხრიდან. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ 250 ათასზე მეტჯერ გამოიყენეს ეს სიკეთე საქართველოს მოქალაქეებმა”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე საქართველოს წინაშე არ დგას.
მისი თქმით, ეს საკითხი არ განხილულა არც ევროკავშირის ინსტიტუტებში, არც ევროკომისიის შიგნით და არც წევრი სახელმწიფოს მხრიდან.
„მიმდინარე პერიოდში, ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ თავი იჩინა გარკვეულმა გამოწვევებმაც, რომელიც კონკრეტული კუთხით იქნა განსაკუთრებულად გამოვლენილი და ეს არის თავშესაფრის პრინციპის ბოროტად გამოყენება, ისევე, როგორც კრიმინალის დანაშაულის ზრდა მთელ რიგ სახელმწიფოებში. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან გამოითქვა წუხილი, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე, დღეს საქართველოს წინაშე არ დგას. ეს საკითხი არ განხილულა არც ევროკავშირის ინსტიტუტებში, არც ევროკომისიის შიგნით და არც წევრი სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა მნიშვნელოვანი იყო და რჩება მყისიერად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელმაც თავი იჩინა”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები