კახა კალაძე: ქალის მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახში და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ქალთა განვითარების კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ძნელბედობის წლებმა ქალის მხრებზე გადაიარა.
“ყველა ვაცნობიერებთ, რომ დღევანდელი რეალობა არ არის იდეალური და ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბოლო წლებში ამ რეალობის სრულყოფამდე მისაყვანად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. უკვე ღიად ვსაუბრობთ ქალების ქმედით მონაწილეობაზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, ქალების მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც მთავარია, ქალების დაცულობაზე შევიწროვებისგან და ძალადობისგან!
ათწლეულებით ჩამოყალიბებული ტაბუს მოხსნა საჭირბოროტო თემიდან, მზაობა და მოტივაცია რომ სრულყოფამდე და იდეალამდე მივიდეთ, კარგი სტიმულია არა მარტო ქალებისთვის, ადგილი დაიმკვიდრონ ქვეყნისთვის საჭირო პოზიციებზე, არამედ ჩვენთვის – მამაკაცებისთვისაც, ვიყოთ ღირსეული მონაწილეები და ხელშემწყობები ამ პროცესის. ჩვენი საზოგადოება ფორმირების პროცესშია. სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით ჩვენ მოვახერხებთ იმ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც იქნება თანასწორი უფლებები. სადაც იქნება ხელშეწყობილი ქალების ჩართულობა კერძო თუ საჯარო საქმიანობაში, სადაც ქალის და მამაკაცის თვითრეალიზაცია მათი უნარების, ცოდნის და თვისებების გამო მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილების მიხედვით.
თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახში და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება. მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები